სალომე ზურაბიშვილი

ბოკერია ოცნებაზე: თან ამბობენ პრეზიდენტი არაფერს წარმოადგენსო, თან ქვეყანაში იყო საჭიროო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, ქართულმა ოცნებამ სალომე ზურაბშვილზე "აბსურდული დისკუსია" იმიტომ წამოიწყო, რათა ეროვნული ინტერესებისთვის საკუთარი ღალატი შეფუთონ.

ბოკერია ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად ევროპული საქართველოს პოზიციისა, რომ უპასუხისმგებლობაა რიგი ოპოზიციური პარტიების მხრიდან სალომე ზურაბიშვილის ქმედებების საღად არშეფასებას, მმართველი პარტიის რეაქცია პრეზიდენტის გამოსვლაზე პარლამენტში პოლიტიკური მარაზმია.

"სერიოზულად მსჯელობენ იმაზე, რომ თურმე მათი ვერსიით, ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის მიერ მოსაზრების გამოთქმა რაღაც საკითხზე, ან უცხოეთში წასვლა და შეხვედრის ჩატარება, ან უკრაინის წარმომადგნელის შეყვანა პარლამენტის დარბაზში, კონსტიტუციას ეწინააღმდეგებაო და ამაზე სერიოზულად მსჯელობენ და ეს სამარცხვინო ადამიანი ღარიბაშვილი კითხვაზე, რომ რატომ დაბლოკა ფინანსურად პრეზიდენტის ვიზიტი უცხოეთში ასეთ დროს, როცა საგარეო აქტიურობა მნიშვნელოვანია, გვპასუხობს, რომ აქ უნდა ყოფილიყო, მთავარსარდალი ადგილზე გვჭირდებოდაო.

დაცინვაა, რომ ამ დისკუსიაში ვართ, ოღონდ თვითონ არ ვიცი, თქვენ შეამჩნიეთ რომ ხუმრობდა? მე ვერ შევამჩნიე და სერიოზულად იხილავს ამას პროპაგანდა. თან იძახიან პრეზიდენტი არაფერს წარმოადგენს, ჩვენი კონსტიტუციით ლაპარაკის უფლებაც არ აქვსო და თან აქ იყო მთავარსარდალი საჭირო, ქვეყანაში ძალიან დაძაბული ვითარებააო და ჩვენ ეს უნდა განვიხილოთ", - თქვა მან.

ბოკერია ამბობს, რომ ასეთ აბსურდულ დისკუსიებზე ყურადღების გადატანაა ივანიშვილის რეჟიმისა და "ბევრად მაღალ ხარისხში" პუტინისნაირი რეჟიმების პროპაგანდის ამოცანა.

"ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას ვუთხრა ჩვენი პოზიცია და პოლიტიკურ პარტიებსაც, ჩვენს პარტნიორებს, კონკურენტებს, ოპონენტებს ბევრ საკითხში მოვუწოდო - ყველა ილუზია ასეთ რეჟიმთან მცდელობისა, რომ მოდი ხვალ კიდევ ვცადოთ იქნებ გამოვა რაღაცა, არის არამარტო კონტრპროდუქტიული, არამედ აძლიერებს ამ რეჟიმს.

თუ ხდება საოცრება და ჩვენ ყველანი სკეპტიკოსები შევცდით, რაც მომხდარა ისტორიაში და ეს რეჟიმი სხვადასხვა ფაქტორების გამო გამოიჩენს, სავლე პავლედ იქცევა და დაიძრება ამისკენ, მაშინ უნდა ვირეაგიროთ, მაგრამ სანამ ვხედავთ სრულიად საპირისპირო ქმედებას, ერთადერთი ლეგიტიმური ამბავი, რაც უნდა გააკეთოს ყველა საღი აზრის მქონე პატრიორულმა პოლიტიკურმა პარტიამ, არის ამ რეჟიმის იზოლაცია და არდაშვება იმისა, რომ დეკორაციად იქცეს, სადმე ქვეყნის შიგნით ხალხის თვალში, ან საერთაშორისო ასპარეზზე ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატე ადამიანების, რომლებიც თავს გვახვევენ აბსურდულ დისკუსიებს, პოლიტიკურ მარაზმს, მხოლოდ იმისთვის რომ საკუთარი ღალატი შეფუთონ ნიაღვარით ამ ბოდვის, რაც მოვისმინეთ დღეს ივანიშვილის რეჟიმის სპიკერებისგან", - თქვა მან.

ქართული ოცნება აპირებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავა დაიწყოს. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო. ოცნების განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებები და საფუძველს მოკლებული განცხადებები განსაკუთრებული საფრთხის შემცველია იმ დროს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, მსოფლიო და საქართველო უსაფრთხოების განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას.

14 მარტს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ მთავრობამ ევროპის ქვეყნებში სამუშაო ვიზიტებზე წერილობითი უარი უთხრა და მათ დასაგეგმად პირადი კონტაქტები გამოიყენა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, თუ ზურაბიშვილმა ვიზიტებზე სიმართლე თქვა, კონსტიტუცია დაარღვია და, მისივე სიტყვებით, პარტია საკითხში "გაერკვეოდა". 

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისა და ქართული ოცნების წევრების მიერ მისი გაკრიტიკების შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ არ ჰგონია, საქმე მის იმპიჩმენტამდე მივიდეს.

კომენტარები