რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: საბჭოთა კავშირი სანქციების ქვეშ ცხოვრობდა და კოლოსალურ წარმატებებს აღწევდა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის დიქტატორ პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან საუბრისას თქვა, რომ საბჭოთა კავშირი სანქციების ქვეშ ცხოვრობდა, მაგრამ "კოლოსალურ წარმატებებს მაინც აღწევდა". პუტინი და ლუკაშენკო რუსეთის უკრაინაში შეჭრის პასუხად დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს განიხილავდნენ. 

"საბჭოთა კავშირი მთელი დრო ნამდვილად ცხოვრობდა საქნციების ქვეშ და ვითარდებოდა, აღწევდა კოლოსალურ წარმატებებს". - დაეთანხმა პუტინი ლუკაშენკოს.

ლუკაშევნკომ თქვა, რომ საბჭოთა კავშირის დროს მუდამ სანქციების ქვეშ იყვნენ, მაგრამ "ნორმალურად ცხოვრობდნენ და ვითარდებოდნენ".

"ახლა ეკონომიკას მასობრივად ურტყამენ, მაგრამ ბოლო წლების პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ სადაც დასავლელები შეზღუდვებს გვიწესებდნენ, ჩვენ იქ ახალი კომპეტენცია შევიძინეთ და აღვადგინეთ ძველი, ახალ ტექნოლოგიურ დონეზე. ეს ყველაფერი მუშაობს და, რა თქმა უნდა, ამ მხრივ უფრო ძლიერები გავხდებით. ეს არის შესაძლებლობის დრო, რომ ტექნოლოგიურ-ეკონომიკურ სუვერენიტეტზე ვიმუშაოთ". – დაამატა პუტინმა. 

აქამდე, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთისთვის დაწესებულ დასავლეთის სანქციებს "ღორული" უწოდა

10 მარტს დიდმა ბრიტანეთმა რუს მაღალჩინოსნებს და ოლიგარქებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი, სერგეი ნარიშკინი და ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი.

სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ როსნეფტის აღმასრულებელი დირექტორი, იგორ სეჩინი, გაზპრომის ხელმძღვანელი, ალექსეი მილერი, VTB-ის ხელმძღვანელი, ანდრეი კოსტინი, ოლიგარქები - რომან აბრამოვიჩი და ოლეგ დერიპასკი. ბრიტანეთის ახალი სანქციები ასევე შეეხება ბელარუსში რუსეთის ელჩს, ბორის გრიზლოვს, სენატორ ანდრეი კლიშასასა და რუსეთის ფედერალური საბჭოს თავმჯდომარეს, ვალენტინა მატვინენკოს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.

კომენტარები