რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინისთვის MiG-29-ების მიწოდებაზე უარისთვის სენატორები ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებენ

პოლონეთის საჰაერო ძალების МиГ-29
Sky News

დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორები აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებენ, რადგან უკრაინისთვის MiG-29-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემაზე უარი თქვეს.

სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტზე ორივე პარტიის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციის მიმართ დასვეს კითხვები, თუ რატომ თქვეს უარი ავიაგამანადგურებლების გადაცემაზე, რომლებიც, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვყანას "ძალიან სჭირდებოდა". მათ ასევე ხაზი გაუსვეს, რომ იმპორტირებულ რუსულ ენერგოპროდუქტებზე, შესაძლოა, გაამკაცრონ შეზღუდვები და შეეხონ ისეთ საქონელს, რომელსაც გასულ დღეებში ბაიდენის მიერ დაწესებული აკრძალვა არ მოიცავს. 

"არ მესმის შუა გზაში რატომ ვდგავართ". – თქვა CNN-თან დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ს პოზიციაზე ავიაგამანადგურებლებთან დაკავშირებით. 

რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში ჯო ბაიდენს მოუწოდებს, რომ ხელისუფლების შტოები ერთ აზრზე შეაჯეროს. 

"ხელისუფლების პირველი შტო ამაზე (თვითმფრინავების მიწოდებაზე) თითქმის ერთსულოვანია. არ ვიცი, აქ ვინ არის ამის წინააღმდეგი, მაგრამ მეორე შტოში დაყოფა სამარცხვინოა. ეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის საქმეა. მან ნაბიჯი უნდა გადადგას. ყველა ერთ აზრზე უნდა შეაჯეროს". – თქვა რიშმა CNN-თან. 

რიშმა პენტაგონის პოზიციას, რომ თვითმფრინავების მიცემა ესკალაციას გამოიწვევდა, "უაზრობა" უწოდა. 

"ჩვენ მათ ვართმევთ იახტებს, ვართმევთ დასასვენებლად განკუთვნილ საკუთრებებს, ვაძლევთ უკრაინელებს ყველა იმ იარაღს, რაც შეგვიძლია რომ მივცეთ. სისულელეა იმის თქმა, რომ ეს მათ [რუსეთს] როგორღაც უფრო მეტად გააღიზიანებდათ. ეს უაზრობაა". – თქვა რიშმა. 

რესპუბლიკელმა სენატორმა, რობ პორტმანმა აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არ უნდა წყვეტდეს თუ როგორი იქნება უკრაინის სამხედრო სტრატეგია. 

"ადმინისტრაციამ თქვა, რომ ფიქრობენ, უკრაინას სხვა რაღაცები უფრო მეტად სჭირდება, რაც ბრძოლის ველზე უფრო ეფექტიანი იქნება. თეორიულად, ეს ნიშნავს, რომ შეერთებული შტატების მთავრობა წყვეტს, რა სამხედრო სტრატეგია ექნება უკრაინას. უკრაინას სჭირდება თვითმფრინავები. მათ გადაწყვეტილება მიიღეს". – თქვა CNN-თან რესპუბლიკელმა სენატორმა. 

კრიტიკის მიუხედავად, ზოგიერთი დემოკრატი სენატორი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს. მაგალითად კრის მერფი, რომლის თქმითაც, ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებს ენდობა.

გასულ დღეს პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აშშ არ უჭერს მხარს უკრაინისთვის MiG-29-ების გადაცემას. 

კირბიმ დაასახელა ამ გადაწყვეტილების რამდენიმე მიზეზი. მისი თქმით, უკრაინისთვის საუკეთესო დახმარების გზა იქნება "იმ იარაღების მიწოდება, რომლებიც მათ სჭირდებათ", რომლებშიც დაასახელა ჯავშანსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის სისტემები. მომდევნო მიზეზად პენტაგონის სპიკერმა აღნიშნა, რომ უკრაინის საჰაერო ძალებს ჰყავს მისიებისთვის სრულად გამოსადეგი თვითმფრინავების ესკადრილია და დამატებითი ავიაგამანდგურებლების გაგზავნა "არ შეცვლის უკრაინის საჰაერო ძალების ეფექტიანობას". შესაბამისად, ფიქრობენ, რომ "MiG-29-ების გადაცემის სარგებელი არის დაბალი". დაბოლოს, კირბიმ ხაზი გაუსვა, რომ დაზვერვის მოანცემებით, ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემა, შესაძლოა, არასწორად იყოს გაგებული ესკალაციის ნაბიჯად და გამოიწვიოს რუსეთის რეაქცია, რაც, შეიძლება, NATO-სთან კონფლიქტში გადაიზარდოს. შესაბამისად, კირბის თქმით, ავიაგამანადგურებლების გადაცემა "დიდი საფრთხის შემცველია".

8 მარტს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც ქვეყანა მის მფლობელობაში არსებულ ყველა MiG-29 თვითმფრინავს აშშ-ს გადასცემდა. ავიაგამანადგურებლებს გერმანიაში, რამშტაინის ბაზაზე გადაიყვანდნენ. განცხადების მიხედვით, პოლონეთმა გადაწყვეტილება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე მწვანე შუქის ანთების კონტექსტში მიიღო.

6 მარტს ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ NATO-ს წევრი ქვეყნები, რომლებსაც უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემა სურთ, მწვანე შუქს მიიღებენ. მისივე თქმით, ამ საკითხის განხილვა უკვე დაწყებული იყო პოლონეთთან.

აქამდე, გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ პოლონეთი უკრაინას MiG-29-ებს გადასცემდა, აშშ ვარშავას F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებით მოამარაგებდა, რასაც პოლონურმა მხარემ სიცრუე უწოდა. თუმცა, შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აშშ პოლონეთთან მუშაობდა, რათა ვარშავას უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლები მიეწოდებინა. როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით პოლონეთთან საუბრობდნენ. სწორედ ამის შემდეგ, 8 მარტს, პოლონეთის მხარემ გამოაქვეყნა განცხადება აშშ-სთვის MiG-29-ების გადაცემასთან დაკავშირებით.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები