რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუკაშენკო ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში "ბელარუს სპეციალისტებს" აგზავნის

ალექსანდრ ლუკაშენკო
Reuters

ლუკაშენკო ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში "ბელარუს სპეციალისტებს" აგზავნის.   BELTA  ციტირებს ბელორუსის დიქტატორის სიტყვებს.

"ენერგეტიკის მინისტრს დაევალა ამ სამუშაოების ორგანიზება, რათა სასწრაფოდ მიეწოდებინათ იქ ელექტროენერგია. ჩვენ გვაქვს საბჭოთა დროინდელი ელექტროგადამცემი ხაზი, ის დაზიანებულია. ჩერნობილის სადგურის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია". - ამბობს ლუკაშენკო. 

დიქტატორმა ასევე უბრძანა სამხედროებს და მესაზღვრეებს "აკონტროლონ უკრაინის ტერიტორიაზე აღმოჩენილი დაქირავებულთა ქმედებები".  ლუკაშენკოს თქმით, ისინი "მიდიან ბელარუსის საზღვრის გასწვრივ ჩერნობილისკენ".

"ჩვენ არ ვიცით, რატომ მიემართებიან ისინი ჩერნობილის ქარხნისკენ". - თქვა ბელარუსის ლიდერმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას ინფორმაციით, ჩერნობილის ატომურ სადგურში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის გამო რადიაციული გაჟონვის საფრთხე არსებობს. კულება წერს, სარეზერვო გენერატორები მხოლოდ 48 საათი იმუშავებენ, თუმცა სადგურს რუსული ჯარი აკონტროლებს და უკრაინას დაზიანების შეკეთების შესაძლებლობა არ აქვს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები