რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი კულებასთან შეხვედრაზე: აქ არავინ აპირებდა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თურქეთში, ანტალიაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის განხილვას არ აპირებდა.

"არ მიკვირს, რომ ბატონმა კულებამ განაცხადა, ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოხერხდაო, აქ არავინ აპირებდა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას". – თქვა ლავროვმა. 

აქამდე, შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დმიტრო კულებამ თქვა, რომ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 

ლავროვის თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის ბელარუსში გამართულ დიპლომატიურ პროცესს ალტერნატივა არ აქვს.

"ჩვენ აქ იმისთვის არ მოვსულვართ, რომ შეგვეცვალა მოლაპარაკებების გზა, რომელიც რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების მიერ შეიქმნა და რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზე იმართება. სწორედ იქ განიხილება ყველა პრაქტიკურლი საკითხი, სწორედ იქ დაწვრილებით იქნა განხილული, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ კრიზისის დასასრულებლად. ესაა დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია, უკრაინის ნეიტრალური სტატუსის უზრუნველყოფა და სხვა". – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები