რუსეთ-უკრაინის ომი

სუმის ოლქში დაბომბვას 18 ადამიანი ემსხვერპლა – მინიმუმ, 2 ბავშვი

Reuters

ბოლო მონაცემებით, სუმის ოლქში რუსი ოკუპანტების მიერ საცხოვრებელი პუნქტის დაბომბვას 18 ადამიანი ემსხვერპლა - დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც. ინფორმაციას უნიანი ავრცელებს.  

შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, ნანგრევების გაწმენდა ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა "უკვე დადგენილია 18 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის ორი ბავშვის გარდაცვალების ფაქტი".

გერაშჩენკომ აღნიშნა, რომ სუმში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა მხოლოდ რუსების სინდისზე არ არის, არამედ იმ ევროპელი პოლიტიკოსებისა და "ვაი-სტრატეგოსების, რომელთაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ ძლიერი საზენიტო რაკეტების გადაცემა ან ცის დახურვა".

ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსები 7 მარტს, ღამით დაბომბეს.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები