რუსეთ-უკრაინის ომი

Українська правда: რუსებმა ფრონტის მიმართულებაზე უკრაინის პოზიციები ვერ გაარღვიეს

უკრაინული გამოცემა Українська правда-ს ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა ალექსანდრე სირსკიმ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსთან, ადმირალ ტონი რადაკინთან, სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში ფრონტის რამდენიმე მიმართულებაზე მძიმე ბრძოლებია და რუსები შეტევას ააქტიურებენ.

"ბრიტანელ კოლეგას გავაცანი ფრონტის ხაზზე არსებული ოპერატიული მდგომარეობა, რომელიც კვლავ უკიდურესად რთულია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მტერმა კიდევ ერთხელ გააძლიერა შეტევითი მოქმედებები ერთდროულად რამდენიმე რეგიონში. უკრაინის თავდაცვის ძალებმა მძიმე ბრძოლებში არ მისცეს რუსებს თავდაცვითი ხაზის გარღვევისა და ოპერატიული წარმატების მიღწევის საშუალება არც ერთ მიმართულებაზე."- განაცხადა სირსკიმ

მისი თქმით, რადაკინმა დაადასტურა უკრაინისადმი მხარდაჭერის უცვლელობა და აღნიშნა, რომ ამ მხარდაჭერის ცალკეული ასპექტები 2025 წელს მნიშვნელოვნად გაიზრდება. 

ამას გარდა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთი სხვა ევროპელ პარტნიორებთან ერთად კვლავ შეეცდება მაქსიმალური ძალისხმევის გაწევას უკრაინის იარაღით, სამხედრო ტექნიკით, საბრძოლო მასალებითა და სხვა მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობით უზრუნველყოფისთვის.

ანალიტიკური პროექტი DeepState ყოველდღიურად აქვეყნებს რუსების ფრონტზე დაწინაურების მონაცემებს. ბოლო ცნობებით, მტერმა დაიკავა ტრუდოვოე, ასევე დაწინაურდა უსპენოვკაში, კურახოვოში, ზაგრიზოვოში, პესჩანოეში, ნოვოოლენევკაში, ვოლჩიეში, ნესკუჩნოეში და ვოზროჟდენიეში.

კომენტარები