რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ახალი ზელანდია რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა გაფართოებას გეგმავს

ჯასინდა არდერნი
Reuters

ახალი ზელანდიის მთავრობის განცხადებით, მუშავდება კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინაში ხელახაში შეჭრის გამო რუსეთის სანქცირებას. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ახალი ზელანდია პირველად დააწესებს სანქციას ინდივდუალურად კონკრეტულ სახელმწიფოზე.

პრემიერმინისტრის ჯასინდა არდერნის თქმით, სანქციები ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს,  გაყინოს რუსული აქტივები ახალ ზელანდიაში, რუსეთის მოქალაქეებსა და კომპანიებს  აუკრძალოს სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციებიდან თავის ასარიდებლად ფულისა და აქტივების ახალ ზელანდიაში გადმოტანა და შეაჩეროს იახტების, გემების და თვითმფრინავების შესვლა ქვეყნის საზღვაო ან საჰაერო სივრცეში. ამასთანავე, პრემიერმინისტრმა გამოაქვეყნა 100-მდე რუსი მოქალაქის სია, რომელსაც ახალ ზელანდიაში მოგზაურობა აეკრძალებათ.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა. 27 თებერვალს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა, აშშ-მ და კანადამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს. პარალელურად რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა აშშ-მაც.

27 თებერვალს  რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა ევროკავშირმაც – სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ

 

კომენტარები