ევროკავშირი-საქართველო

განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე – რა არის, რა დრო სჭირდება და რა უნდა ვიცოდეთ

ტაბულა

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს დაჩქარებული წესით ამზადებს და ხვალ, 3 მარტს ოფიციალურად წარადგენს. აქამდე ქართული ოცნება ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას 2024 წელს გეგმავდა, თუმცა კობახიძის თქმით, არსებული პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი დაუყოვნებლივ წარადგინოს.

კობახიძის განცხადება მოჰყვა უკრაინის მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას. შესაბამის დოკუმენტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი 28 თებერვალს მოაწერა. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ დიდი მხარდაჭერა მიიღო დასავლეთისგან. მისი ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურუსლა ფონ დერ ლეიენმა, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭების საკითხი დააყენა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ. უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერის ფონზე კი საქართველომ უარი თქვა შეერთებოდა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.

ევროკავშირში გაწევრიანება ხანგრძლივი პროცესია.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საქართველო გაერთიანების წევრობისთვის?

ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელია, რომ კავშირის მიერ საქართველო აღიქმებოდეს კოპენჰაგენის პოლიტიკური კრიტერიუმებთან დიდწილად შესაბამისობაში მყოფ ქვეყნად.

კოპენჰაგენის კრიტერიუმები:

  • პოლიტიკური კრიტერიუმი - მოიცავს საჯარო ინსტიტუტების სტაბილურობას (პარლამენტი, მთავრობა, საჯარო ადმინისტრირება, სასამართლო სისტემა, ანტიკორუფციული პოლიტიკა), რომლებიც უზრუნველყოფს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და უმცირესობების დაცვა-პატივისცემას.
  • ეკონომიკური კრიტერიუმი - მოიაზრებს ქვეყანაში სტაბილური საბაზრო ეკონომიკის არსებობას, ევროზონაში გაწევრიანების მზაობასა და ევროკავშირის კონკურენტული ეკონომიკური წნეხის გამკლავების უნარს.
  • ინსტიტუციური კრიტერიუმი - გულისხმობს ქვეყნის უნარსა და ერთგულებას, ეფექტიანად შეასრულოს ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული წესები, სტანდარტები და პოლიტიკა

ტექნიკურად ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეიძლება დაიყოს 8 ეტაპად:

  1. თავდაპირველად ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყანა, რომელიც აკმაყოფილებს ზემოხსენებულ მუხლებს, კავშირში გაწევრიანების განაცხადს უგზავნის ევროპის კავშირის საბჭოს პრეზიდენტობას (სამწევრიან კოლეგიალურ ორგანოს, რომელიც ევროკავშირის გრძელვადიან მიზნებს სახავს)
  2. შემდეგ ევროკომისია ე.წ. კითხვარის საფუძველზე ქვეყანას პირველადად აფასებს. კითხვარი სახელმწიფოს მზადყოფნას განსაზღვრავს კოპენჰაგენის პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური კრიტერიუმების მიმართ. შეფასება ევროკავშირის საბჭოს ეგზავნება.
  3. შეფასების საფუძველზე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, მიენიჭოს თუ არა ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. შესაძლებელია, საბჭომ ქვეყანას დაუყენოს წინაპირობები კავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. 
  4. შემოწმება – ევროკომისია იწყებს სახელმწიფოს დეტალურ შესწავლას ევროკავშირის კანონმდებლობის (acquis) თითოეული თავის მიხედვით. შედეგი, რომელსაც თან ერთვის რეკომენდაციებიც, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაეგზავნებათ.
  5. შემდეგია გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების პროცესი, რა დროსაც ევროკავშირისა და სახელმწიფოს საერთო პოზიციები მუშავდება. 
  6. მას შემდეგ, რაც კანდიდატი დაასრულებს რეკომენდებული რეფორმების პროცესს და მისი კონსტიტუცია სრულად მოვა ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, გაფორმდება კავშირში გაწევრიანების ხელშეკრულება.
  7. გაწევრიანების ხელშეკრულება უნდა რატიფიცირდეს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში – მაგალითად, თითოეულ სახელმწიფოში უნდა ჩატარდეს საპარლამენტო კენჭისყრა ან რეფერენდუმი.
  8. კანდიდატი ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი.

აღსანიშნავია, რომ წევრობაზე განაცხადის შემდეგ კანდიდატის სტატუსის მიღებაც კი დროში გაწელილი პროცესია, რომ აღარაფერი ვთქვათ, უშუალოდ კავშირში გაწევრიანებაზე.

თურქეთმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 1959 წელს გააკეთა (კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო 1999 წელს), ჩრდილოეთ მაკედონიამ 2004 წელს (კანდიდატის სტატუსი – 2005 წელს), მონტენეგრომ 2008-ში (კანდიდატის სტატუსი – 2010 წელს), ალბანეთმა და სერბეთმა 2009-ში (კანდიდატის სტატუსები, შესაბამისად, 2014 და 2012 წლებში). აღსანიშნავია ისიც, რომ წევრობაზე განაცხადი 2016 წელს გააკეთეს ბოსნიამ და ჰერცეგოვინამაც, შემდეგ კი კოსოვომ, თუმცა მათ კანდიდატის სტატუსი ჯერ კიდევ არ მიუღიათ. ფაქტია, რომ განაცხადების შეტანიდან კავშირის წევრობამდე გრძელვადიანი და რთული გზაა გასავლელი.

ვრცლად ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე და იმაზე თუ რა გამოწვევები აქვს საქართველოს ამ გზაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში ტაბულას არქივიდან: 2024-ში EU-ს წევრობაზე განაცხადის გაკეთება – კითხვები, კრიტერიუმები და წინააღმდეგობები

კომენტარები