რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვატიკანი უკრაინას და რუსეთს მოლაპარაკებებში დახმარებას სთავაზობს

ვატიკანმა უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების მიზნით დიალოგის ფასილიტაციის სურვილი გამოთქვა. ინიციატივის შესახებ წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ ისაუბრა იტალიურ გაზეთთან Corriere della Sera-სთან.

პაროლინის თქმით, ჯერ კიდევ არსებობს მოლაპარაკებების შესაძლებლობა. მისი თქმით, ვატიკანი ყურადღებით აკვირდება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და ყოველთვის მზად არის, მხარეებს დაეხმაროს დიალოგთან დაბრუნებაში.

პაპმა ფრანცისკემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მრევლს მშვიდობისკენ ლოცვისკენ და 2 მარტი უკრაინაში მშვიდობისთვის ლოცვისა და მარხვის დღეს გამოაცხადა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები