რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Meta-ს შემდეგ, რუსულ სამთავრობო მედიაარხებს YouTube-იც ზღუდავს

ვლადიმირ პუტინი RT-ს ეთერში

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, YouTube-მა რუსეთის სამთავრობო არხებს, მათ შორის, Russia Today-ს ვიდეოსერვისის მონეტიზაციის უფლება ჩამოართვა, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო კომპანია Meta-მაც. 

"განსაკუთრებული გარემოებებიდან" გამომდინარე, YouTube რუსულ მედიაარხებს პლატფორმიდან შემოსავლების მიღებას უზღუდავს. სპიკერის თქმით, აღნიშნული არხებიდან გავრცელებული კონტენტს YouTube-ის ალგორითმი მომხმარებლებს ნაკლებად შესთავაზებს.

Russia Today-ის პროდუქტი კი უკრაინაში სრულად მიუწვდომელი იქნება, "უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნის" შესაბამისად. 

აღსანიშნავია, რომ 26 თებერვალს კომპანია Meta-მ რუსეთის სამთავრობო მედიაარხებს Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამების განთავსება და რეკლამებით შემოსავლების მიღება შეუზღუდა. 


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები