რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

FACEBOOK-მა რუსეთის სამთავრობო მედიას რეკლამის გავრცელება აუკრძალა

Facebook

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე Facebook-მა რუსეთის სამთავრობო მედიის მიერ რეკლამის გარცელება და მათ პლატფორმაზე მონეტიზაცია აკრძალა. ინფორმაციას Facebook-ის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი, ნათანიელ გლეიხერი ავრცელებს.  

"ყურადღებით ვადევნებთ თვალს სიტუაციას უკრაინაში და მოგაწვდით ინფორმაციას ნაბიჯებზე, რომლებსაც ჩვენს პლატფორმაზე ადამიანების დასაცავად გადავდგამთ". - წერს ის. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები