რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა წითელ ჯვარს მიმართავს, დაეხმაროს ოკუპანტების ათასობით ცხედრის გატანაში

უკრაინა წითელ ჯვარს მიმართავს და სთხოვს, დაეხმაროს რუსი ოკუპანტების ათასობით ცხედრის გატანაში. ამის შესახებ ბრიფინგზე ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა ისაუბრა.  

"ჩვენ ვთხოვთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, დაგვეხმაროს რუსი ჯარისკაცების ცხედრების რუსეთში გადატანაში. ეს ჰუმანიტარული საჭიროებაა და ვითხოვთ, რომ რუსი ოკუპანტების ცხედრები უკრაინის ტერიტორიიდან გაიტანონ". - თქვა მან. 

მისივე თქმით, რუსეთმა უნდა იცოდეს, რამდენი ოკუპანტის ცხედარია დღეს უკრაინის ტერიტორიაზე. ვერეშჩუკი წითელ ჯვარს მიმართავს, გააკეთოს ყველაფერი ამ ჰუმანიტარული პრობლემის გადასაჭრელად.    

უკრაინის რადის დეპუტატი, ოლეკსეი გონჩარენკო წერს, რომ ცხედრების გატანაზე რუსები უარს ამბობს. 

"გესმით, რომ სასაკლაოზე გამოგგზავნეს.  ყველას არ აინტერესებს, სად და როგორ დაგმარხავენ. გაიქეცით და დაყარეთ იარაღი". - მიმართავს ის ჯარისკაცებს.

ზელენსკის ოფისის ინფორმაციით, 26 თებერვლის დილის მონაცემებით რუსეთმა 3 500-ზე მეტი სამხედრო დაკარგა, თითქმის 200 ტყვედ ჩავარდა. 

26 თებერვლის დილის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე მდგომარეობა კონტროლირებადია. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთი ყველა პოზიციაზე ღირსეულ პასუხის იღებს და მძიმე დანაკარგები აქვს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ, გაავრცელა მიმართვა, რომ უკრაინის სამხედრო ძალები დანებებას არ აპირებენ.

პრეზიდენტს სპიკერის თქმით, უკრაინის ხელმძღვანელობა დათანხმდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინადადებას მოლაპარაკებების გამართვის შესახებ. მოლაპარაკებებზე შეიძლება ნეიტრალიტეტის საკითხი განიხილოს. მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკებების პროცესში პირობები უკრაინის ნაკარნახევი იქნება.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები