რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩერნიგოვის მერი: ჩვენ ყველა უნდა მოვემზადოთ ქუჩის ბრძოლებისთვის

ჩერნიგოვის მერმა, ვლადისლავ ატროშენკომ ქალაქელებს მოუწოდა, მოემზადონ მტერთან ქუჩის ბრძოლებისთვის. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა. 

"ძვირფასო ჩერნიგოვის მოქალაქეებო, ჩვენ ყველა უნდა მოვემზადოთ ქუჩის ბრძოლებისთვის. ვინც იცის და ესმის, მოამზადეთ. ვთხოვ ჩერნიგოვის მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან გულგრილები, მივიდნენ ტერიტორიული თავდაცვის განლაგების ადგილზე და მიმართონ მეთაურებს, აიღონ იარაღი, რათა დაიცვათ ჩვენი ქალაქი".- თქვა მან. 

რუსეთ-უკრაინის ომის მესამე დღეს ბრძოლა უკვე უკრაინის დედაქალაქ კიევის ქუჩებში მიმდინარეობს. 26 თებერვლის დილას რუსეთის შეტევის შედეგად კიევში მრავალსართულიანი სახლი დაზიანდა.

26 თებერვლის დილის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე მდგომარეობა კონტროლირებადია. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთი ყველა პოზიციაზე ღირსეულ პასუხის იღებს და მძიმე დანაკარგები აქვს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ, გაავრცელა მიმართვა, რომ უკრაინის სამხედრო ძალები დანებებას არ აპირებენ.

პრეზიდენტს სპიკერის თქმით, უკრაინის ხელმძღვანელობა დათანხმდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინადადებას მოლაპარაკებების გამართვის შესახებ. მოლაპარაკებებზე შეიძლება ნეიტრალიტეტის საკითხი განიხილოს. მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკებების პროცესში პირობები უკრაინის ნაკარნახევი იქნება.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები