უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 24 თებერვლის საღამოს მდგომარეობით, რუსეთის შეჭრის შედეგად 57 უკრაინელი დაიღუპა და 169 დაშავდა.
ბოლო მონაცემებით, უკრაინის შსს-ს ინფორმაციით რუსმა სამხედროებმა უკრაინაში გაანადგურეს 6 ხიდი და ცეცხლი გაუხსნეს 32 სამოქალაქო დაწესებულებას.
ასევე, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, რუსეთის მხრიდან საარტილერიო ცეცხლით დაბომბვის 392 შემთხვევა დაფიქსირდა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.
ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.





