რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონი: უკრაინაზე თავდასხმით პუტინი ევროპის მშვიდობას და სტაბილურობას დაესხა თავს

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ათწლეულების განმავლობაში ყველაზე სერიოზული თავდასხმაა ევროპის მშვიდობასა და სტაბილურობაზე.

"ომის არჩევით, პუტინი არა მხოლოდ უკრაინას დაესხა თავს, მან გადაწყვიტა ევროპის მშვიდობაზე და სტაბილურობაზე ათწლეულების განმავლობაში ყველაზე სერიოზული იერიში მიეტანა." – თქვა მაკრონმა.

სიტყვით მიმართვაში მაკრონმა უკრაინელი ხალხის სიმამაცეს და სიმტკიცეს გაუსვა ხაზი.

"ეს მოვლენები გადამწყვეტი მომენტია ევროპის და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მათ ხანგრძლივი და ფართო გავლენა ექნებათ ჩვენს ცხოვრებასა და კონტინენტის გეოპოლიტიკაზე. [..] რუსეთზე დაწესებული სანქციები მათი აგრესიის პროპორციული იქნება. ჩვენ სისუსტეს არ გამოვამჟღავნებთ." – თქვა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთისთვის დაწესებული ევროპული სანქციები რუსეთის სამხედრო, ეკონომიკურ და ენერგო სექტორებს შეეხება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები