დანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (DR) ცნობით, რუსეთი ბალტიის ზღვის სიახლოვეს ევროპელ სახელმწიფოებთან ომისთვის ემზადება, რის ფარგლებშიც კრემლი სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების საზღვრებთან სამხედრო ბაზებს აფართოებს და საბრძოლო ძალებს იარაღით ამარაგებს.
დანიური მედიის ინფორმაცია ეყრდნობა სკანდინავიური ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების უფროსებისა და NATO-სა და შეიარაღებულ ძალებში მყოფი გავლენიანი ოფიცრების შეფასებებს.
DR-ის მიხედვით, წყაროები, რომლებიც რუსეთის სამხედრო მოსამზადებელ ძალისხმევასთან დაკავშირებით გასაიდუმლოებულ ინფორმაციას ფლობენ, პოტენციური ომისთვის ემზადებიან და რუსეთის მხრიდან ესკალაციის შემთხვევაში დანიისა და ევროპის თავდაცვას უხელმძღვანელებენ.
მაუწყებელი წერს, რომ წყაროები ჯერჯერობით არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთმა ომის დაწყება უკვე გადაწყვიტა. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ რუსული ძალების უმრავლესობა ამჟამად უკრაინაში იბრძვის.
თუმცა, DR-ს მათ ასევე აცნობეს, რომ რუსეთში ევროპულ ქვეყნებთან შესაძლო სამხედრო კონფრონტაციისთვის ემზადებიან და თუკი ომი დაიწყება, წყაროების თქმით, ეს დანიის სიახლოვეს მოხდება – ბალტიის ზღვის რეგიონში, რომელიც სტრატეგიულ ჰაბს წარმოადგენს, სადაც NATO და რუსეთი, სამხედრო და გეოგრაფიული თვალსაზრისით, ერთმანეთის პირისპირ არიან.
წყაროების მიერ DR-ისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ამყარებს შვედეთის, ფინეთის, ნორვეგიისა და დანიის გავლენიან ოფიცრებთან ჩაწერილი ინტერვიუები და ასევე ახალი სატელიტური სურათებიც, რომლებიც დანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შვედ, ნორვეგიელ და ესტონელ კოლეგებთან ერთად მოიპოვა.




