რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ჩონჰარის ხიდზე უკრაინის დარტყმის შემდეგ ყირიმში შემავალ გზაზე რუსული სატვირთოების რიგებია

"რადიო თავისუფლების" რუსულენოვანი სამსახური

"რადიო თავისუფლების" რუსულენოვანი სამსახურის მიერ მოპოვებული სატელიტური სურათებიდან ჩანს, რომ ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელი ჩონჰარის ხიდის შესასვლელებთან, რომელიც უკრაინამ იერიშების შედეგად დააზიანა, სატვირთოების რიგი დგას. 

გამოცემის მიხედვით, სატვირთოების ნაწილი გაჩერებულია ოკუპირებული ხერსონის ოლქის მიმართულებით და ჯანკოის გამშვებ პუნქტთან, ხოლო ყირიმის მიმართულებით მიმოსვლა თითქმის სრულად არის შეჩერებული. 

მანამდე გავრცელდა ცნობები, რომ ლოჯისტიკურ მარშრუტებზე დარტყმების გამო რუსული ძალები იძულებულები გახდნენ, რომ ტვირთის გადასაზიდად, მათ შორის, საწვავისა და საბრძოლო მასალების გადასატანად, ნაწილობრივ სამოქალაქო ტრანსპორტის გამოყენებაზე გადასულიყვნენ. 

გამოცემა Suspilne-სთან საუბრისას უკრაინის შეიარაღებული ძალების 1-ელი ცალკეული მოიერიშე პოლკის მეთაურმა, დმიტრი "პერუნ" ფილატოვმა განაცხადა, რომ 9 ივნისს უკრაინამ ჩონჰარის ხიდს დაარტყა და სერიოზულად დააზიანა, რის გამოც მასზე სატვირთოები და მსუბუქი მანქანები ვეღარ გადაადგილდებოდნენ. 

ამის შემდეგ რუსეთმა ლოჯისტიკური მარშრუტი შეცვალა და სატვირთოები არმიანსკისკენ გადაამისამართა, თუმცა, უკრაინამ ამ მიმართულებაზე ხიდებს იმ ღამესვე დაარტყა. 

ამ ფონზე უკრაინამ 11 ივნისს დაადასტურა, რომ იერიშის შედეგად რუსეთის მიერ ოკუპირებულ არმიანსკის ხიდზე, რომელიც ყირიმს დანარჩენ უკრაინასთან აკავშირებს, 50 სამხედრო მანქანას დაარტყეს.

"იმის გამო, რომ ჩონჰარის ხიდი დაზიანებული იყო, მტერმა სამხედრო ტვირთის მქონე დიდი ოდენობის სატვირთოებს მოუყარა თავი, რომლებიც არმიანსკის გავლით გადაადგილდებოდნენ. შესაბამისად, იერიშის დროს ჩვენ დავარტყით სატვირთოებს, რომლებსაც საწვავი და საბრძოლო მასალები გადაჰქონდათ. იქ დაახლოებით 50 მანქანა იყო და ზოგიერთ მათგანი გავანადგურეთ." – აღნიშნა ფილატოვმა. 


ცნობისთვის, უკრაინამ ბოლო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსულ ლოჯისტიკურ ხაზებსა და საწვავის მოსამარაგებელ მარშრუტებზე იერიშები გააძლიერა, რის გამოც მაისიდან მოყოლებული ყირიმში საწვავის რაციონებით გაცემა დაიწყო. 

ამ ფონზე უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ "მადიარ" ბროვდიმ განაცხადა, რომ მისი მიზანი ოკუპირებული ყირიმის რუსეთისგან იზოლაციაში მოქცევაა, რაც ბროვდის თქმით, "ახლო მომავალში" მოხდება.

ივნისის დასაწყისში უკრაინის არმიამ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მე-3 პოლკის დრონების პილოტებმა საჰაერო კონტროლი დაამყარეს რუსული ძალების მომარაგებისთვის განკუთვნილ სახმელეთო მარშრუტზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმს უკავშირდება. უკრაინის სამხრეთში მდებარე ჩონჰარის მარშრუტი, რომელიც ყირიმს უკავშირდება, რუსეთის მიერ ოკუპირებული 2014 შემდეგ იმყოფება.

ამას გარდა, 10 ივნისს უკრაინის ეროვნული გვარდიის 1-ელმა კორპუსმა "აზოვი" განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა მწყობრიდან გამოიყვანეს რუსეთის მიერ ოკუპირებული მარიუპოლის პორტი, რის გამოც ობიექტი სამხედრო ლოჯისტიკური მიზნებისთვის გამოუსადეგარი გახდა.

კომენტარები