საგარეო ვაჭრობა

2022 წლის იანვარში საქართველოს ექსპორტი 47%-ით, იმპორტი კი 38%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1.11 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 41.2%-ით მეტია.

იანვარში ექსპორტი 47.6%-ით გაიზარდა და 331.3 მილიონ დოლარს შეადგენს, იმპორტი კი 38.7%-ით 779.1 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 447.8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3 პროცენტია.

2022 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 66.3 მილიონი დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20.0%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 36.4 მილიონი დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.0%), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 31.4 მილიონი დოლარით (9.5 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 80.2 მილიონი დოლარი და მთელი იმპორტის 10.3% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 72.7 მილიონი დოლარით, რაც იმპორტის 9.3 პროცენტია, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 64.0 მილიონი დოლარით (იმპორტის 8.2 პროცენტი).
 

კომენტარები