საგარეო ვაჭრობა

საქსტატი: იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წელთან შედარებით, 23.6%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 1 609.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.6%-ით ნაკლებია.

აქედან ექსპორტი 480.4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს [გაიზარდა 19%-ით], ხოლო იმპორტი 1 129.5 მილიონ აშშ დოლარს [შემცირდა 33.7 %-ით]. 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2026 წლის იანვარში, 649.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3%-ია.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.9% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (247.1 მილიონი აშშ დოლარი), ჩინეთი (223.3 მილიონი აშშ დოლარი) და რუსეთი (195.4 მილიონი აშშ დოლარი).

აღსანიშვნავია რომ უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სამეულში აღარაა აშშ.

რაც შეეხება ექსპორტს, 2026 წლის იანვარში 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 74.5% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (66.1 მილიონი აშშ დოლარი), თურქეთი (52.1მ ილიონი აშშ დოლარი) და ყირგიზეთი (49.9 მილიონი აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარში ექსპორტში დსთ-ს ქვეყნების წილი 46.7% იყო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების - 16.1%, დანარჩენი ქვეყნების კი - 37.2%.

2026 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 100.7 მილიონი აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 21%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 58.7  მილიონი აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.2%), ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები მესამე ადგილზეა 51.0 მილიონი აშშ დოლარით (10.6%).

 

საქსტატის ცნობით, 2026 წლის იანვარში 10 უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.4% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (195.0 მილიონი აშშ დოლარი), ჩინეთი (157.3 მილიონი აშშ დოლარი) და რუსეთი (1 156.8 მილიონი აშშ დოლარი).

აშშ-ში აღარ არის 3 უმსხვილეს საიმპორტო პარტნიორ ქვეყანაშიც. 

 

2026 წლის იანვარში იმპორტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წილი 23.4% იყო, დსთ-სი - 23.3%, დანარჩენი ქვეყნების კი - 53.3%.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 150.0 მილიონი აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 13.3% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 96.7 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 8.6%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 79.1 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 7%).

კომენტარები