საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 23 218.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.5%-ით მეტია.
აქედან ექსპორტი 6 618.1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს [გაიზარდა 10.1%-ით], ხოლო იმპორტი 16 600 მილიონ აშშ დოლარს [გაიზარდა 9.3%-ით].
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში, 9 981.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43%-ია.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.3% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 798.4 მილიონი აშშ დოლარი), აშშ 2 590.5 მილიონი აშშ დოლარი) და რუსეთი (2 388.5 მილიონი აშშ დოლარი).
რაც შეეხება ექსპორტს, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.1% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1 399.0 მილიონი აშშ დოლარი), ყაზახეთი (849.9 მილიონი აშშ დოლარი) და რუსეთი (672.5 მილიონი აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტში დსთ-ს ქვეყნების წილი 70% იყო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების - 12.1%, დანარჩენი ქვეყნების კი - 17.8%.
2025 წლის იანვარ-ნოემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 621.9 მილიონი აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 39.6%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 339.6 მილიონი აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.1%), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 256.4 მილიონი აშშ დოლარით (3.9%).
2025 წლის იანვარ-ნოემბერში10 უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (2 496.5 მილიონი აშშ დოლარი), თურქეთი (2 491.9 მილიონი აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 803.4 მილიონი აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-ნოემბერში იმპორტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წილი 25.5% იყო, დსთ-სი - 18.3%, დანარჩენი ქვეყნების კი - 56.1%.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-ნოემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 3 538.6 მილიონი აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 21.3% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 228.7 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 7.4%), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 605.3 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 3.6%).
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში რუსეთიდან საქართველოში 60.4 მილიონი დოლარის ღირებულების 133 623.1 ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა.
2024 წელთან შედარებისთვის, გასული წლის იანვარ ნოემბერში რუსეთიდან საქართველოში 2.8 მილიონი დოლარის ღირებულების 4 881.3 ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა.





![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)
