სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-მარტში როგორც იმპორტის, ისე ექსპორტის კუთხით, ნავთობი და ნავთობროდუქტები მეორე ადგილზეა უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებში. კერძოდ, საქართველომ სამ თვეში 338.6 მილიონი აშშ დოლარის (მთელი იმპორტის 8.2%) ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყიდა, 208.1 მილიონი აშშ დოლარის (მთლიანი ექსპორტის 12.1%) - გაყიდა. გარდა ამისა, პირველ კვარტალში საქართველომ იყიდა 204.1 მლნ აშშ დოლარის ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები (იმპორტის 4.9%).
აღსანიშნავია, რომ აქედან საქართველომ 118 493 500 ლარის (298 285.6 ტონა) ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყიდა და სრულად რუსეთისგან. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ნედლი ნავთობი იმპორტზე საერთოდ არ შემოსულა და ეს გრაფა ცარიელია. გარდა ამისა, საქართველომ რუსეთისგან ასევე იყიდა 180 439.6 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები (117 417 800 აშშ დოლარის ღირებულების).

ამავე პერიოდში, საქართველომ ჩინეთში გაყიდა 29 238.3 ტონა ნავთობპროდუქტი, რაშიც 22 849 200 აშშ დოლარი მიიღო. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ნავთობპროდუქტები საქართველოს ჩინეთში ექსპორტზე არ გაუტანია - საქსტატის ცხრილში გრაფა ცარიელია.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 867.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1 723.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 23.4%-ით, ხოლო იმპორტი 4 143.2 მლნ. აშშ დოლარს (შემცირდა 7.1%-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-მარტში 2 419.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია.
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია - ჩინეთი (203.2 მლნ. აშშ დოლარი), ყირგიზეთი (190.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (145.5 მლნ. აშშ დოლარი).
რაც შეეხება იმპორტს, 2026 წლის იანვარ-მარტში პირველ სამეულში შედიან - თურქეთი (657.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (592.5 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (487.6 მლნ. აშშ დოლარი).





