დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

სარჯველაძე უკრაინაზე: გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ უაზრო საბრძოლო მოქმედებები თავიდან ავიცილოთ

საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე უკრაინის საზღვართან განვითარებულ მოვლენებს უკიდურესად მძიმედ აფასებს. მისი თქმით, ღრმა, კრიზისული მდგომარეობაა შექმნილი. 

როგორც სარჯველაძე ამბობს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შეიარაღებული კონფლიქტი თავიდან იქნეს აცილებული. 

"ეს შემაშფოთებელია, ვინაიდან თანამედროვე მსოფლიოს, უპირველესად უკრაინას და უკრაინელ ხალხს ყველაზე ნაკლებად სჭირდება ომი და ურთიერთობების ესკალაცია. ჩვენი მოწოდება ყველას მიმართ იქნება, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი, რათა ეს უაზრო საბრძოლო მოქმედებები თავიდან იქნას აცილებული. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი და საერთაშორისო თანამეგობრობამ ბუნებრივია, ყველაფერი უნდა გააკეთოს ამისთვის. იმისთვის, რომ ნებისმიერი აგრესია, შეიარაღებული კონფლიქტი თავიდან იქნას არიდებული, მით უმეტეს ისეთი ფართომასშტაბიანი კონფლიქტი, როგორსაც ვარაუდობენ, რომ შეიძლება იყოს".- ამბობს სარჯველაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 

​მისივე თქმით, უკრაინის საკითხზე საქართველო ჩართულია როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი.

"ჩვენ გვაქვს რუსეთთან პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია ტერიტორიულ მთლიანობასთან და რუსეთის სახელმწიფოს აგრესიასთან. შესაბამისად, გარკვეული მსგავსებები არსებობს ჩვენი, როგორც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სურვილისა და ამბიციის მქონე სახელმწიფოსთვის, ანალოგიური მისწრაფებები გააჩნია უკრაინის სახელმწიფოს. ასეთი საფრთხეების გაანალიზებისას ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ამ კონფლიქტთან შეწინააღმდეგება".- ამბობს სარჯველაძე. 


11 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის უშიშროების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრებთან კვლავ შეინიშნება განგრძობადი ესკალაციის ნიშნები, რაც მათ შორის გამოიხატება საზღვრებთან ახალი ძალების მობილიზებით. 

ჟურნალისტების კითხვების პასუხად, აშშ-ს უშიშროების საბჭოს მდივანმა რამდენჯერმე უარყო ამერიკულ მედიაში წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეჭრის ბრძანება პუტინის მიერ უკვე გაცემულია და არმიისთვის გადაცემული. 

ჯეიკ სალივანის თქმით, ორივე შემთხვევაში აშშ მზად არის პასუხისთვის რუსეთის მიერ ნებისმიერი გზის არჩევის შემთხვევაში, იქნება ეს დიპლომატიის შენარჩუნება, თუ უკრაინაში შეჭრა. მისივე ცნობით, პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საკვანძო მოკავშირეებს უსაფრთხო ვიდეო კონფერენციის ხაზით ესაუბრა. 

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპის სხვა ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაუყონებლივ დატოვონ უკრაინა, ვინაიდან აშშ-ს დაზვერვის ცნობით, რუსეთი მზადაა, ნებისმიერ წამს შეიჭრას უკრაინაში.

ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა. მან ამერიკის მოქალაქეებს დაჟინებით მოუწოდა, უახლოეს 48 საათში დატოვონ უკრაინა და ისინი გააფრთხილა, რომ შეჭრის შემთხვევაში, აშშ მათ დახმარებას ვეღარ შეძლებს. 

უკრაინის დატოვებისკენ საკუთარ მოქალაქეებს დიდმა ბრიტანეთმაც მოუწოდა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა ბრიფინგზე გაიმეორა ჯეკ სალივანის ნათქვამი, რომ რუსეთი უკრაინაში "ნებისმიერ წამს" შეიძლება შეიჭრას. 

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსმა დიპლომატებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს. რია ნოვოსტის ცნობით, წყაროს ინფრომაციით, საკონსულოს თანამშრომლებმა რუსეთში გამგზავრება დაიწყეს. 


დაძაბული ვითარების ფონზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამტკიცებისთვის ევროპაში აშშ-ს დამატებმა სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება. დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-იც მზად არის.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები