დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბერბოკი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე: მზად ვართ ავიტანოთ ძვირი ეკონომიკური ფასი

ანალენა ბერბოკი

7 თებერვალს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი კიევს ეწვია და შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას. მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ გერმანია მზადაა რუსეთისთვის სანქციების დაწესების სანაცვლოდ ძვირი ეკონომიკური ფასი აიტანოს.

"ვცდილობთ რუსეთის ფედერაციასთან დიალოგის გაგრძელებას, ამიტომ აშშ-სთან და NATO-სთან ერთად გადავეცით წერილობითი პასუხი, რომელშიც მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ დაძაბულობის შემცირება ახლა მოსკოვზეა დამოკიდებული. ნათლად იყო ნათქვამი, რომ იქნება შედეგები, თუ საქმე უკრაინის წინააღმდეგ ახალ აგრესიამდე მივა. ჩემი ქვეყნის პარტნიორებთან მჭიდრო კავშირის გათვალისწინებით, მზად ვართ ავიტანოთ ძვირი ეკონომიკური ფასი, საქმე ხომ უკრაინის უსაფრთხოებას ეხება", – თქვა ბერბოკმა.

ბერბოკის თქმით, პარტნიორებთან ერთად შემუშავებული სანქციები უპრეცედენტო იქნება. 

შეხვედრის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ იარაღის მიწოდების პრობლემის პოტენციური გადაჭრის პროექტი.

"დღეს ჩვენ არამხოლოდ იმაზე ვისაუბრეთ, თუ რისი გაკეთება არ შეუძლია გერმანიას ამა თუ იმ მიზეზებით, არამედ იმაზეც, თუ რას აპირებს გერმანია უკრაინის დასახმარებლად. კონკრეტულად, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. ეს იყო ღია საუბარი, ჩვენი პოზიციები ნამდვილად განსხვავებულია, მაგრამ ჩვენი დავალება არის ის, რომ ვეძებოთ გამოსავალი. ვფიქრობ, რომ დღეს გამოვნახეთ შეხების წერტილები და გამოსავლის პროექტი. ახლა დაველოდები გერმანიის მთავრობის ნაბიჯს", – თქვა კულებამ. 

გერმანია გასულ დკვირებში მოკავშირეების მიერ კრიტიკის ქვეშ იყო, რადგან ბერლინი უარს ამბობდა კიევისთვის როგორც პირდაპირ, ისე ირიბ სამხედრო დახმარების გაწევაზე. გასულ კვირაში მათ ესტონეთს უარი უთხრეს უკრაინისთვის გადაეცათ გერმანული წარმომავლობის ჰაუბიცები. 

26 იანვრის გადაწყვეტლებით, მას შემდეგ, რაც კიევმა ბერლინს თავდაცვითი აღჭურვილობით მომარაგება სთხოვა, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა თქვა, რომ გერმანია უკრაინას 5 000 საბრძოლო ჩაფხუტით დაეხმარებოდა. უკრაინული მხარის ნაწილისგან ამ ფაქტს ნეგატიური შეფასება მოჰყვა. კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ გადაწყვეტილებას ხუმრობა უწოდა.

7 თებერვლის ვიზიტის დროს ანალენა ბერბოკი უნდა შეხვედროდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც, თუმცა ორივე მხარის განრიგის ცვლილებების გამო, შეხვედრა გაუქმდა.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები