საქართველო-უკრაინა

ზურაბიშვილი: მინდა, ქვეყნის სახელით გამოვხატო სრული სოლიდარობა მეგობარი უკრაინის მიმართ

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ერთობლივი ბრიფინგი გამართა. ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და თქვა, რომ არსებული საფრთხეები, მხოლოდ უკრაინას არ მიემართება, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება.

"ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება, გავცვალოთ ინფორმაციები იმ ძალიან რთული ვითარების შესახებ, რაც დღეს არის უკრიანის მდგომარეობა და მის მიმართ გამოხატული აგრესია რუსეთის მხრიდან.

ის აგრესიული ქმედებები, მუქარა, იქნება ეს კიბერშეტევები თუ პირდაპირ სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე, იგივე სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე, ყველაფერი ნიშანია იმის, თუ რამდენადაა რუსეთის პოლიტიკა გადასული პროვოკაციაზე, რაზეც მთელი ევროპული, დასავლური სამყარო პასუხობს მოლაპრაკებებით, მცდელობებით, რომ დარეგულირდეს ეს მდგომარეობა და დეესკალაციისკენ წავიდეს ეს დაძაბული ვითარება, მაგრამ დეესკალაციისთვის, როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს.

ამ ძალიან დაძაბულ ვითარებაში მე მინდა, რომ საქართველოს სახელით გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა ჩვენი მეგობარი უკრაინის მიმართ და არა მხოლოდ უკრაინის მიმართ, რამეთუ ის საფრთხეები, რაც არსებობს, რეალურად არის საფრთხეები, რომელიც ემუქრება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას და თუ ვლაპარაკობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, ეს ასევე არის ჩვენი უსაფრთხოება.

ჩვენი სოლიდარობა, სხვათა შორის, არაა მხოლოდ სიტყვიერი სოლიდარობა, ესაა სოლიდარობა იმ ქვეყნიდან, რომელმაც უკვე განიცადა და განიცდის დღემდე ოკუპაციას და ამიტომ, ჩვენ კარგად გვესმის, თუ რას გრძნობს დღეს უკრაინელი ხალხი და ჩვენ ამას მთლიანად ვიზიარებთ [...]

დღეს ჩვენ ვუჭერთ მხარს ყველა მშვიდობიან მოლაპარაკებას, რაც დღეს მიმდინარეობს და ვიცი, ყველა მხრივ მიმდინარეობს მცდელობები, გამოვიდეთ ამ დაძაბული ვითარებიდან, რამეთუ აგრესიას მომავალი არ გააჩნია, შედეგი არ გააჩნია. ეს სამხედრო ქმედებები, ეს ძალის გამოყენება ეკუთვნის წარსულს, ანაქრონისტულია დღევანდელ დღეს, რამეთუ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს ამ გლობალური გამოწვევების წინაშე, თუ არა, მოვნახოთ მშვიდობიანი გზები. ვისაც ეს არ ესმის, ვისაც აწუხებს ძველი იმპერიული ზრახვები, იმას დღეს არ ესმის, როგორი არის 21-ე საუკუნის მსოფლიო.

მინდა, გამოვთქვა ჩემი იმედი და რწმენა, რომ უკრაინის სუვერენობა იქნება ბოლომდე დაცული. მინდა, იმედი გამოვხატო, რომ მოლაპარაკებები, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი არის სრულად ჩართული, იქნება შედეგიანი და ეფექტური. ეს ყველა ჩვენი საერთო ინტერესია. მინდა, ასევე ვთქვა, რომ დარწმუნებული ვარ, საქართველოს არა მხოლოდ სუვერენობის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები იქნება დაცული ამ მოლაპარაკებებში, არამედ ყველა ის ჩვენი ინტერესები, ასევე იქნება ამ კონსულტაციებში თუ მოლაპარაკებებში სრულიად დაცული, ამისთვის წინასწარ მინდა პარტნიორებს მადლობა მოვახსენო". – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდა საქართველოში რამდენიმე საათით იმყოფება, ის ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიემგზავრება.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები