დევნილები

დევნილთა სააგენტო: გამჭვირვალედ ვმუშაობთ, მუდამ ღია ვართ დევნილებთან შეხვედრისთვის

ტაბულა

დევნილთა სააგენტო სანატორიუმ ქართლის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილების შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, ხელმძღვანელობა მათთან შესახვედრად მზადაა. 

სააგენტო უარყოფს ინფორმაციას, რომ მათი წარმომადგენლები დევნილებთან შეხვედრაზე უარს ამბობენ. 

"სააგენტო იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების საკითხზე გამჭვირვალედ მუშაობს,  ყოველთვის ღიაა დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრისთვის და არა ერთხელ გაცხადებულა მზაობა ამის თაობაზე, როგორც თავად დევნილებთან, ასევე საჯაროდ. 

გარდა ამისა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ყოფილ სანატორიუმ ქართლის შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც სააგენტო ყოველკვირეულად მიაწვდიდა მათ დეტალურ ინფორმაციას განსახლების პროცესის შესახებ და თითოეული მათგანის შეკითხვებს უპასუხებდა. აღნიშნული შეთავაზება სააგენტოს მხრიდან ძალაშია და დევნილ ოჯახებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ  ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა".- აღნიშნულია განცხადებაში. 


ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის ცნობით, "ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დევნილებისთვის" რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში უკვე შერჩეულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ამ პერიოდში მუნიციპალიტეტებთან და ქონების მართვის სააგენტოსთან მიწების გადმოცემის პროცესი მიმდინარეობს. 

სანატორიუმ ქართლში მცხოვრებ დევნილებზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც ისაუბრა და თქვა, რომ დევნილებს ორი გამოსავალი შესთავაზეს.

დევნილები სახელმწიფოს აღარ ენდობიან. 

16 იანვარს სანატორიუმ ქართლის შენობაში მცხოვრებმა კაცმა თავი მოიკლა. სხვა დევნილების თქმით, 53 წლის კაცმა თავი პროტესტის ნიშნად მოიკლა, რადგან წლებია, იქ მცხოვრები ადამიანები ავარიულ შენობას აპროტესტებენ.

ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მედიას მოუწოდებს, დევნილების დასახლებაში მომხდარი თვითმკვლელობის ფაქტი ზოგადად დევნილების პრობლემებს არ დაუკავშირონ. ზურაბ აზარაშვილის თქმით, პირველადი ინფორმაციით, ეს "უბედური შემთხვევა იყო". 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, რომ მომხდარზე პასუხსიმგებლობა დაეკისროს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ზურაბ აზარაშვილსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრს დავით ფაცაციას და მათ თანამდებობები უნდა დატოვონ. 

20 იანვარს ჯანდაცვის სამინისტორს მიერ გაგზავნილი წერილები სანატორიუმ ქართლის მაცხოვრებელმა პროტესტის ნიშნად დახიეს. მათი თქმით, სახელმწიფოს შეთავაზება  -  დევნილებს ერთი თვის ვადაში გადაიყვანენ ალტერნატიულ საცხოვრებელში და ქირით უზრუნველყოფენ, შემდეგ კი მოხდება მათი გადაყვანა იქ, სადაც ცხოვრებას სთავაზობენ, კვლავ ბუნდოვანია.

არასამთავროები ხელისუფლებას  მოუწოდებენ სწრაფი რეაგირებისკენ, დევნილების უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში განსახლების უზრუნველსაყოფად.

კომენტარები