დევნილები

მინისტრი დევნილის თვითმკვლელობაზე: ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან

ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მედიას მოუწოდებს, დევნილების დასახლებაში მომხდარი თვითმკვლელობის ფაქტი ზოგადად დევნილების პრობლემებს არ დაუკავშირონ. ზურაბ აზარაშვილის თქმით, პირველადი ინფორმაციით, ეს "უბედური შემთხვევა იყო". 

კითხვაზე, თუ ზოგადად, რას აპირებს დევნილების პრობლემებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მის გუნდს აქვს "კონკრეტული გეგმა და ხედვა", თუმცა, კონკრეტულად რა არის ეს გეგმა და ხედვა, ამასთან დაკავშირებით მინისტრი მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა. 

"პირველ რიგში, მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს რამე კავშირში შეიძლება, იყოს წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებთან. ეს არის უბედური შემთხვევა, რაც სამწუხაროდ, მოხდა და ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, ხოლო რაც შეეხება სანატორიუმ ქართლში მცხოვრებსა და სხვა დევნილების პრობლემებს, ამასთან დაკავშირებით, ჩემი სამინისტროში მისვლის პირველივე დღიდანვე იმართება კონსულტაციები და ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ დევნილები, ზუსტად ვიცით, როგორ გავაკეთოთ ეს და რა გეგმებს მივყვეთ. პერიოდულად დევნილებს ეცნობებათ გეგმები და დათქმულ ვადებში უზრუნველვყოფთ ამ ყველაფერს. 

გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა და ჩემი თხოვნა იქნება, ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან". – თქვა ზურაბ აზარაშვილმა. 

16 იანვარს სანატორიუმ ქართლის შენობაში მცხოვრებმა კაცმა თავი მოიკლა. სხვა დევნილების თქმით, 53 წლის კაცმა თავი პროტესტის ნიშნად მოიკლა, რადგან წლებია, იქ მცხოვრები ადამიანები ავარიულ შენობას აპროტესტებენ.

კომენტარები