არაფორმალური მორალის პოლიცია

წილოსანი: ყველამ გააკონტროლოს თავი, რომ ადამიანის ღირსებას არ შეეხონ

ნინო წილოსანი საქართველოში არაფორმალური მორალის პოლიციის შექმნას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს საზოგადოების დიდი ნაწილის ბუნებრივი რეაქცია იყო.

წილოსანი მოუწოდებს, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება მისაღები არ არის, თუმცა, მისი აზრით, არცერთი "მავნებლური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამი" არ უნდა იყოს უპასუხოდ დარჩენილი.

წილოსანი ამბობს, რომ ყველამ უნდა გააკონტროლოს თავი, რათა ადამიანის ღირსებას არ შეეხონ.

"ის, რაც ახლა დაანონსდა, ალბათ ბუნებრივი რეაქცია იყო საზოგადოების დიდი ნაწილის. როდესაც ადამიანის ღირსებას ეხები უნდა იყო მზად, რომ დაიცავენ ადამიანები საკუთარ ღირსებას. მე ძალიან არ მინდა, რომ ეს ფიზიკურ დაცვაში გადავიდეს, მაგრამ როდესაც შენ ამას მიზანმიმართულად აკეთებ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ესეც არ გამოირიცხება ხოლმე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველას მოვუწოდებ, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება არ არის ფორმა, რომელიც მისაღებია. თუმცა ამავდროულად არცერთი ასეთი მავნებლური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამი არ უნდა იყოს უპასუხოდ დარჩენილი. […]

საჯაროდ აქვს დაანონსებული ამ მოძრაობას, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი, რომ ადამიანის ღირსებას არ შეეხონ." - განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალურ მორალის პოლიციას აანონსებენ. ამასთან დაკავშირებით დღეს MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა, მეგობრებთან ერთად, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში ბრიფინგი გამართა.

ქართველიშვილმა განაცხადა, რომ დღეიდან, მათი საინიციატივო ჯგუფი "ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად," სახალხო მოძრაობას აფუძნებს. აგრეთვე აღნიშნეს, რომ მზად არიან პასუხი აგონ თითოეულ ქმედებაზე და საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავიდნენ.

ქართველიშვილის თქმით, მოძრაობა "ძალიან აქტიური, სოლიდური და კონსტრუქციული იქნება" და თითოეულ "პატრიოტ ქართველს" შეუძლია შეუერთდეს.

კომენტარები