დევნილები

"ვიცოდით, გვატყუებდნენ, მაგრამ ვიჯერებდით" – რას სთავაზობს სახელმწიფო დევნილებს

დევნილები

"ვიცოდით, გვატყუებდნენ, მაგრამ ვიჯერებდით" – რას სთავაზობს სახელმწიფო დევნილებს

"პირველი დღიდან, დღეში რამდენჯერმე ამბობდა, ამას თავს შევწირავ, იქნებ მერე მაინც მოგვაქციოს ვინმემ ყურადღებაო. არ ვაქცევდით ყურადღებას. როცა სახურავზე ადიოდა, ჩემი რძალი მიჰყვებოდა, გული ლამის ამოვარდნას ჰქონდა, ხელი ვერ დავავლე, რომ გამეჩერებინაო". - გვიყვება სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილი, ლეილა კარტოზია 52 წლის ზურაბ ქირიაზე, რომელიც შენობის სახურავიდან 16 იანვარს გადმოხტა. 

სახელმწიფომ ქირიას გარდაცვალებას უბედური შემთხვევა დაარქვა, თუმცა, სანატორიუმ ქართლის მაცხოვრებლები დარწმუნებული არიან, რომ ეს უბედური შემთხვევა არ ყოფილა. 

"უბედური შემთხვევა როგორ უნდა იყოს? სახურავზე როცა წვიმს, მაშინ ადიან, გვაწვიმს და რაღაც რომ დავაფაროთ. კაცი რომ მე-7 სართულიდან გამოსული მე-9 სართულზე მოფიქრებულად აირბენს... გუდაუთელი იყო, უფრო რუსულად ლაპარაკობდა და რუსულად დაემშვიდობა ბიჭებს. ახლოს რომ დადგა და გადაიხედა, ისიც კი იფიქრა, რომ აივნებს დაეცემოდა. ჩემი შვილი იდგა და უყურებდა. სამი ნაბიჯით გაიწია უკან და შემდეგ გადახტა. ამდენს რომ აკეთებს ადამიანი, ამას როგორ დაარქმევ შემთხვევითობას?" - გვეუბნება ლეილა კარტოზია. 

ქირიას გარდაცვალებას წინ დევნილების პროტესტი უძღოდა. 30 წელია, მათი მოთხოვნა არ შეცვლილა - ავარიული შენობის, სანატორიუმ ქართლის მაცხოვრებლები ამჯერადაც საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ. 

სანატორიუმი ქართლი  

"ეს კორპუსი პირველი დღიდან ავარიული არ ყოფილა - ძალიან ლამაზი იყო თავისი დანიშნულებისთვის და არა მუდმივად საცხოვრებლად. არის 12-კვადრატიანი ოთახები, სადაც იდგა 2 საწოლი და ჰქონდა ერთი სველი წერტილი".  - გვიყვება ლეილა კარტოზია.

მისივე თქმით, 1998 წელს ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ კურპუსი ავარიულია. 2015-ში კი სამსახარულის ექპერტიზამ დაასკვნა, რომ შენობის ფუძეში მიმდინარე პროცესები, შესაძლოა, მომავალში მისი ნგრევის მიზეზი გამხდარიყო. 

სწორედ ამ დასკვნის შემდეგ დაიწყო მოსახლეობის პროტესტი. დღეს ბზარები სანატორიუმის ყველა სართულზე მარტივად შესამჩნევია. ზოგიერთ სართულზე კედელი ჩამონგრეულია, მოსახლეობას ნაწილი გამაგრებული აქვს, ნაწილი - არა. 

მოსახლე, რომელმაც ვინაობის დაფარვა გვთხოვა, ამბობს რომ შენობის სახურავიდან წყალი ჩამოდის, რომელიც დერეფნებში გროვდება, ხშირად კი ოთახებში შედის. ნაწილი ამბობს, რომ ბზარების გამო მათ სახლში ისევე წვიმს, როგორც გარეთ. გვაჩვენებენ გადახრილ კედლებსა და დაზიანებულ მილებსაც.

"ეს აივანი რომ ჩამოინგრა, ქვემოთ ბავშვები იდგნენ და ავტობუსს ელოდებოდნენ. კიდევ კარგი, ავტობუსი დაინახეს და გაიქცნენ, როცა ნგრევა დაიწყო. გადარჩნენ. [...] შეშა რომ ამომაქვს გასათბობად, ბევრის ამოტანა მეშინია, თითო-თითოდ ამომაქვს ხოლმე, სიმძიმე რომ არ დაემატოს". - გვიყვება ერთ-ერთი მაცხოვრებელი.  

ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, შენობა არავის გაუმაგრებია - 140-მდე დევნილი ოჯახი კედლების გამაგრებას საკუთარი ძალებით ცდილობს. რესპონდენტები გვიყვებიან, რომ კორპუსში ცხოვრობენ მოხუცებიც, რომელთაც არავინ ჰყავთ - მათ მეზობლები ეხმარებიან.

რას სთავაზობს სახელმწიფო დევნილებს?

სახელმწიფომ დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართების უზრუნველსაყოფად განსახლების პროგრამა შეიმუშავა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული დევნილების რაოდენობა იმატებს, ათიათასობით მათგანი ჯერ კიდევ ბინის მოლოდინშია - მათი ნაწილი საკუთარ რიგს ავარიულ შენობებში ელოდება. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 92 079 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული - 286 442 ადამიანი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ მათგან 46 000 ოჯახი საცხოვრებელი ფართით არის დაკმაყოფილებული. 

განსახლების პროგრამის მიხედვით: 

  • სოფლად სახლის პროექტით - სახელმწიფო დევნილებს სოფლებში სახლის შესყიდვას სთავაზობს. ოჯახმა სახლი თავად უნდა აარჩიოს, იმ შემთხვევაში კი, თუ სახლი სახელმწიფოს მიერ გაწერილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, სამინისტრო მას შეისყიდის. გეგმის მიეხდვით, სახლის შესასყიდად თანხის რაოდენობა ოჯახის სულადობით განისაზღვერება - 1 ან 2-წევრიან ოჯახზე სახელმწიფო 22 000 ლარს გადაიხდის, 3-წევრიანზე 25 000 ლარს, 4-წევრიანზე 30 000-ს და ა.შ. ყოველ შემდეგ წევრზე თანხის რაოდენობა 3 000 ლარით იზრდება.
  • მენაშენეებისგან ბინების შესყიდვა - სახელმწიფოს დევნილებს ახალაშენებულ და მშენებარე კორპუსებში ბინების შესყიდვას სთავაზობს. ამ შემთხვევაში, კერძო პირებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის განმახორციელებელი კომისია წინასწარ საზღვრავს კონკურსის ვადებსა და კრიტერიუმებს, რომლებსაც კონკურსში მონაწილე მენაშენეები უნდა აკმაყოფილებდნენ
  • მშენებლობები რეგიონებში - სამინისტროს ცნობით, რეგიონებში დევნილი ოჯახებისთვის კორპუსებს აშენებენ. 
  • მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლების დაკანონება - გეგმის ეს ნაწილი დევნილებისთვის საცხოვრბელი ფართების საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს.
  • დევნილთა დროებითი საცხოვრებელი - სახელმწიფო გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში დევნილებს ქირით გადაყვანას სთავაზობს. როგორც გეგმაში წერია, ქირის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას კომისია კრიტერიუმების შესაბამისად იღებს.
  • ფულადი დახმარება - სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროგრამით, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ისინი დევნილებს ერთჯერად ფულად დახმარებას სთავაზობენ, რომლის მიღებაც 6 თვეში ერთხელ იქნება შესაძლებელი. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, 2013-2021 წლებში დევნილების განსახლებაზე და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე სულ 693 მლნ ლარი დაიხარჯა.

რას სთავაზობს სახელმწიფო სანატორიუმ ქართლში მყოფ დევნილებს? - ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მათი ბინით უზრუნველყოფა 2022 წელს "უპირობოდ" მოხდება, თუმცა, იმის გამო, რომ შენობა ავარიულია, მათ 2 გზა შესთავაზეს - ქირით უზრუნველყოფა და ფართის თავად მოძიება. ქირის შემთხვევაში, გამოყოფილი თანხა 300 ლარი იქნება, ხოლო ბინის მოძიების შემთხვევაში, თუ ის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, სახელმწიფო 1 კვ/მ-ზე $550-ს გადაიხდის. 

"ერთ-ერთი საკითხი დადგა შეხვედრაზე - დევნილები ითხოვენ გარანტიებს, რომ მანამ, სანამ ბინით არ დაკმაყოფილდებიან, იურიდიულად ავიღოთ ვალდებულება ბინის ქირის შესახებ, რაზეც ვალდებულება აღებულია და მანამ, სანამ ისინი არ დაკმაყოფილდებიან 2022 წელს ბინებით, მათ უწყვეტად აუნაზღაურდებათ ბინის ქირა". - ამბობს ილია ღუდუშაური ტაბულასთან.

რატომ არის დევნილებისთვის მიუღებელი სახელმწიფოს შეთავაზება?

კითხვაზე, თუ რატომ არ თანხმდებიან ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზებას ქირასა და ფართის საკუთარი ძალებით მოძიებაზე, დევნილების პასუხი ერთნაირია - ისინი სახელმწიფოს არ ენდობიან. ლეილა კარტოზია ჩვენთან საუბარში სამინისტროს იმ დაპირებებს იხსენებს, რომლებიც არ შესრულდა.

"2021-ში დაპირებებით მოვიდნენ, რომ თებერვალ-მარტში ჩვენ ბინებს გადმოგვცემდნენ. სექტემბრის თვეში მოვიდნენ, თქვენთვის ძალიან სასიხარულო ამბავი გვაქვს, წლის ბოლოსთვის 30 ოჯახს გავიყვანთო. ახლა აქ დასაკმაყოფილებელი არის 140 ოჯახი. შემდეგ ასეთი საუბარი ჰქონდათ, ამდენი წელია ერთად ხართ, ძალიან გაგიჭირდებათ ცალკე, მოდი, ახლა 30 ოჯახი გვყავს, რომელიც ქირით გავიყვანეთ, თქვენთვის განკუთვნილ კორპუსში მათ შევასახლებთ და თებერვალ-მარტში ამ 140 ოჯახს ერთიანად გაგიყვანთო

სექტემბრის ბოლო საგარანტიო ფურცლები დაგვირიგეს, რომელშიც მითითებულია, ვის რა ფართი ეკუთვნის, მე 1-ოთახიანზე მეკუთვნის 30-40 კვ.. ჩვენგან არცერთი მთავრობა წაგებული არ წასულა - ჩვენ ვიყავით ერთადერთი, ვინც მოტყუებულ ამპლუაში რჩებოდა, ვიცოდით, რომ გვატყუებდნენ, მაგრამ ვიჯერებდით”. - ამბობს კარტოზია. 

დევნილები ამბობენ, რომ სახელმწიფოს ბინის შესყიდვის პროქტში კრიტერიუმები ისე აქვს გაწერილი, რომ მათი დაკმაყოფილება რთულია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ქირით გადაწყვეტენ გადასვლას, შემოთავაზებულ 300 ლარად მხოლოდ ისეთი საცხოვრებელი ფართის მოძიებას შეძლებენ, რომელიც სანატორიუმი ქართლის ავარიულ შენობაზე უკეთესი ნამდვილად არ იქნება და, შესაძლოა, უარესიც აღმოჩნდეს. 

"ჩვენით ბინის მოძიება დასაფიქრებელი და, თითქოს, კარგი ვარიანტი იყო, მაგრამ რომ გავიკითხეთ, გაწერილი აქვთ, რომ ბინა უნდა იყოს ექსპლუატაციაში შესული, 90% ბინების არაა ექსპლუატაციაში შესული. ასევე მეპატრონემ მე უნდა გადმომიფორმოს ბინა, ამ შემთხვევაში, ხომ ვალდებული ვარ, თანხა წინასწარ დავუტოვო? რომ გადმომიფორმებს, სახელმწიფოს 20 სამუშაო დღე აქვს, რომ გადახედონ, რა გარანტია მაქვს, რომ ჩარიცხავენ? როცა მესაკუთრეები იგებენ, რომ მთავრობამ უნდა ჩაურიცხოთ, უარს ამბობენ. ასევე, მე რომ ფართს გადმომიფორმებენ და მორიგება არ შედგება, მეპატრონეს ჩემგან გადაფორმების უფლება 3 წელი არ აქვს. ეს არ არის დამაჯერებელი შემოთავაზება

გვეუბნებიან, ქირით გაგიყვანთო. 300-ლარიან ქირად იქნება იგივე ფართი, რაც გვაქვს და ისიც არა. 140 ოჯახს რამდენი დრო უნდა დასჭირდეს, რომ ქირით იშოვოს ბინა? ამ 30 წლის განმავლობაში ჩვენ რაღაც ხომ შევიძინეთ, სად უნდა წავიღოთ? აქ ძალიან ბევრი მოტყუებული ადამიანია - ჩვენ შეხება უფრო დევნილებთან გვაქვს, ყველასგან ეს გვესმის [რომ სახელმწიფომ ქირა აღარ გადაუხადა] ამდენი ტყუილის შემდეგ ძალიან ძნელად დასაჯერებელია, რომ ესენი რამეს გააკეთებენ. თუ აქედან ქირით გაგვიყვანენ და დავიშლებით, უკან დასაბრუნებელი გზა რომ არ იყოს, ამ კორპუსს მიწასთან გაასწორებენ. ძალა ერთობაშია, ჩვენ რომ დავიშლებით, თავშეყრა ძალიან ძნელი იქნება, ესეც გათვლილი აქვთ და თავიანთ თავზე აქვთ მორგებული". - ამბობს ის.

პროტესტის მონაწილეებისთვის ისიც საეჭვოა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ბინებით "უპირობოდ" უზრუნველყოფის დაპირება მხოლოდ მას შემდეგ გასცა, რაც სანატორიუმ ქართლში უბედური შემთხვევა მოხდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

"მართალი გითხრათ, იმედი არ მაქვს. მიცვალებულით სპეკულირებენო, ამას რომ იტყვიან, იქ იმედი უნდა იყოს?" - გვეუბნება კარტოზია.

რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად?

რა ხარვეზებია სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ განსახლების გეგმაში, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დევნილების პრობლემები მოგვარდეს - ამ საკითხებზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს, გვანცა საკანელაშვილს ვესაუბრეთ. ის ამბობს, რომ მთავარი ხარვეზი სახელმწიფოსა და დევნილ მოსახლეობას შორის კომუნიკაციის ნაკლებობაა - სახელმწიფო გეგმების შემუშავებისას მათ აზრს არ ითვალისწინებს, მათთან ერთად არ განიხილავს, რომელი გზა იქნება უკეთესი.  

"სახელმწიფო წლების განმავლობაში ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას იმისთვის, რომ ჩვენი დევნილი მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს დაკმაყოფილებული და განსახლების პროგრამები რაც შეიძლება მეტად იყოს ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის, თუმცა ჩვენ ვრწმუნდებით, რომ კომუნიკაცია უშუალოდ დევნილ მოსახლეობასთან არ არის იმ დონის, რომ სახელმწიფომ ზუსტად იცოდეს, რა სჭირდებათ დევნილებს. ჩვენ არ გვინახავს არანაირი ანგარიში თუ ინფორმაცია, არის თუ არა ეს პროექტები მორგებული დევნილთა საჭიროებებზე და რამდენად საკმარისია განსახლების პროექტები.

ვფიქრობთ, რომ კომუნიკაცია არის პრობლემური და ხარვეზული და მანამ, სანამ ტრაგედია არ დატრიალდება, კომუნიკაცია დევნილებსა და სახელმწიფოს შორის არის მინიმალური. შესაბამისად, პირველ რიგში, ეს კომუნიკაცია უნდა აღდგეს, სახელმწიფომ იკითხოს დევნილ მოსახლეობასთან, რა არის მათთვის უკეთესი. გასაგებია სახელმწიფოს პოზიცია, ის პროგრამები, რასაც გვთავაზობს, მაგრამ არავის უკითხავს, რამდენად კარგია ეს პროგრამები მათთვის".  - ამბობს საკანელაშვილი. 

მისივე აზრით, სახელმწიფოს შეთავაზება, რომ დევნილმა ადამიანმა სახლი თავად უნდა მოიძიოს, პრობლემის გადაწყვეტას ართულებს - სამინისტროსთვის ბინის მოძიება ბევრად უფრო მარტივი იქნება, ვიდრე მოსახლეებისთვის. თუმცა, თუ ასე მოიქცევიან, საკანელაშვილის თქმით, აღმოაჩენენ, რომ თანხა, რომელსაც დევნილებს სთავაზობენ - $550 1 კვ. მ-ზე, საკმარისი არ არის.

სახელმწიფოს მიერ დევნილი მოსახლეობისთვის შეთავაზებული 300-ლარიანი ქირა კი, მისივე შეფასებით, მინიმალური თანხაა, რომლის ფარგლებშიც იმაზე უკეთესი პირობები, ვიდრე მსგავს კოლექტიურ ჩასახლებებშია, ვერ ექნებათ.

"მაშინ თვითონ სახწლმწიფომ მოძებნოს 300 ლარად ისეთი პირობებით, როგორსაც კანონით ითვალისწინებს - უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური პირობები დაცული, რომ სათანადო საცხოვრებლად იქნეს მიჩნეული და დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები. ეს ის კრიტერიუმებია, რომელსაც სავალდებულოდ განსაზღვრავს კანონმდებლობა. თუ სახლემწიფო 300-ლარად კანონით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამის ფართებს მოძებნის და ქირის თანხას გადაიხდის, არ მგონია, ვინმე ამის წინააღმდეგი იყოს". - ამბობს ის.

საკანელაშვილის თქმით, ქირის შეთავაზებისას, თანხის სიმცირესთან ერთად, დევნილები მეორე პრობლემას აწყდებიან - სახელმწიფო აცხადებს, რომ უზრუნველყოფა "საჭიროებისამებრ" მოხდება, ამიტომ, არსებობს რისკი, რომ სამინისტრო ქირას მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში გადაიხდის, შემდეგ კი დევნილები ბინის მესაკუთრის პირისპირ მარტო დარჩებიან.  

განსახლების პროგრამა სოფლად სახლის შესყიდვასაც ითვალისწინებს, თუმცა, საკანელაშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ადამიანები ფინანსური და ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.

"დამკვიდრებული საცხოვრებელი ადგილიდან მოწყვეტითა და სხვაგან გადაყვანით, შესაძლოა, დევნილები ფინანსური პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ - აქ უკვე ნაპოვნი სამსახური დაკარგონ, რეგიონებში კი ძალიან მწირია დასაქმების არეალი, შესაბამისად, შესაძლებელია, რომ ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ასევე, არსებობს ფსიქოლოგიური ფაქტორი - ამ ადამიანებმა ერთხელ უკვე დაკარგეს საცხოვრებელი ადგილი, ისინი იძულებით გადაადგილებული პირები არიან, გავიდა 30 წელი, გარემოს შეეგუვნენ და ახლა ისევ იძულებით, იმიტომ, რომ სახელმწიფო მათ იმავე ქალაქში არ სთავაზობს ალტერნატიულ საცხოვრებელს, უნდა გადაადგილდნენ სხვა ქალაქში. როგორც მატერიალური, ასევე ფსიქოლოგიური კუთხით ეს კიდევ ერთხელ სტრესის მიმყენებელი იქნება ამ ადამიანებისთვის". - ამბობს გვანცა საკანელაშვილი. 

რას ფიქრობენ პოლიტიკოსები?

სახელმწიფო ამბობს, რომ დევნილების პრობლემის მოსაგვარებლად წლების განმავლობაში მრავალი პროგრამა შეიმუშავა, თუმცა საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩება.  რატომ ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთარი დევნილი მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას - ამ კითხვით პოლიტოკოსებს მივმართეთ.  

ევროპული საქართველოს წევრი, ბესიკ დონაძე ამბობს, რომ ქართული ოცნება დევნილებისთვის გადასაცემი ბინების მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერებს პარტიასთან აფილირებულ კომპანიებს გადასცემს, რომლებსაც მათი აშენების შესაბამისი რესურსი და გამოცდილება არ აქვთ. შესაბამისად, პროექტების დასრულების ვადები იწელება, მოსახლეობა კი დაპირებული ბინის გარეშე რჩება.

"მაგალითად, წყალტუბოში ერთ-ერთი მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და, დაახლოებით, წელიწად-ნახევარში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, 2018 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადმოიბარა და კიდევ არ იყო დასრულებული. დასრულდა 2020 წელს, ისიც ხარვეზებით და ისე, რომ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტეს. 

კიდევ ერთი მშენებლობა იყო ქუთაისში, რომელიც 2017 წელს დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს. ეს არის 3 16-სართულიანი შენობა, რომელშიც 480 ოჯახი უნდა შესახლებულიყო და არ დასრულებულა. აქაც იგივე ხდება - ტენდერებში გაამარჯვებინეს კომპანიას, რომელიც ქართული ოცნების შემწირველია, შემდეგ ამ კომპანიამ ვერ შეძლო სახლების აშენება, შუა გზაში მიატოვა, პრობლემები იყო თანხის უკან დაბრუნებაზეც". - ამბობს დონაძე.  

ბესიკ დონაძის შეფასებით, პრობლემაა ისიც, რომ საკითხების მოგვარებაში აფხაზეთის მთავრობა მონაწილეობას არ იღებს და ბიუჯეტი დევნილებს რაციონალურად არ ხმარდება.  

"არის სერვისები, რომლებიც ვერ მიდის მოსახლეობამდე, იმიტომ, რომ არ აქვთ ინფორმაცია. აფხაზეთის მთავრობასა და დევნილებს შორის საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. დევნილმა არ იცის, რომ გარკვეულ ოპერაციაზე აქვს მიმართვის უფლება. არის შემთხვები, რომ მიმართეს, მაგრამ განცხადებები იმდენად გვიან განიხილა აფხაზეთის მთავრობამ, რომ როდესაც პასუხი გასცეს, მზად ვართ, ოპერაცია გაგიკეთოთო, ადამიანი გარდაცვლილი იყო". - ამბობს დონაძე.

ბესიკ დონაძეს გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩიას პოზიციაზეც ვკითხეთ, რომ ადამიანების დაყოფა დევნილებად და არადევნილებად უნდა დავამთავროთ, პირს, რომელიც 30 წელია, თბილისში ცხოვრობს, დევნილი არ უნდა ვუწოდოთ და „გავისტუმროთ ამ ხალხის ვალი“.

"იაგო ხვიჩია არის სულელი და არის სულელური განცხადება. საქართველოს მოქალაქეს დევნილის სტატუსი ექნება იმდენი ხანი, რამდენი ხანიც დასჭირდება ტერიტორიების დაბრუნებას, რომლებიდანაც იძულებით გამოყარეს. ვალი გავისტუმროთ რას ნიშნავს? ფული გადავიხადოთ და დევნილის სტატუსი მოვუხსნათ? ეს ადამიანები იძულებით გამოყარეს სახლებიდან, სანამ ოკუპაცია იქნება, დევნილის სტატუსი ექნებათ. სულელის მეტი ვინ იტყვის ამას?" - ამბობს დონაძე. 

დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას აზრით, სახელმწიფო არ ფიქრობს პოლიტიკაზე, რომელიც დევნილი მოსახლეობის პრობლემებს რეალურად მოაგვარებს და მხოლოდ მაშინ რეაგირებს, როდესაც უბედური შემთხვევა ხდება.

"არ არის ნაფიქრი პოლიტიკაზე, შემოიღეს სახლების მშენებლობა, რასც ბიუჯეტით, შეიძლება, დასჭირდეს 30 წელი და არავინ არ ფიქრობს სხვა ფორმით ამ პროცესის დაჩქარებაზე. საფიქრალია ბიზნეს პარტნიორობაზე, ასევე, საერთაშორისო ფონდებზე. მეორე არის პრიორიტეტების საკითხი და ქულების სისტემა - ამ სისტემაში ძალიან ბევრი ხვრელია. სულ მიდის ქულებით თამაში - ხან მოუხსნიან ქულას, მოუმატებენ, როგორც უნდათ, ისე აკეთებენ. სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ვინც არის, ის ქულებით კი არ უნდა დააკმაყოფილონ, პრიორიტეტული უნდა იყოს, რომ დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ეს სიცოცხლისთვის საშიში ობიექტები ბოლომდე შესწავლილიც კი არ არის, ამ ხალხს ეუბნებიან, რომ როცა ქულით მოუწევთ, მაშინ გაიყვანენ. ამ პრიორიტეტებისთვის არც კი გადაუხედავთ და, ჩემი აზრით ბოლო პრიოდში ამაზე არც კი ფიქრობენ, რომ რაიმე პრობლემა ხომ არ არის დევნილებთან ურთიერთობაში. რაღაც რომ დაინგრევა და ამბავი ატყდება, იქ კი რეაგირებენ, მაგრამ ფიქრი, როგორ მოგვარდეს ეს პრობლემა არ არის". - გვეუბნება ხოშტარია.

კომენტარები