დევნილები

მინისტრი: კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დევნილებისთვის რამდენიმე ქალაქში მიწები შევარჩიეთ

საქართველოს მთავრობა / Facebook

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის ცნობით, "ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დევნილებისთვის" რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში უკვე შერჩეულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, ამ პერიოდში მუნიციპალიტეტებთან და ქონების მართვის სააგენტოსთან მიწების გადმოცემის პროცესი მიმდინარეობს. 

"პარალელურად დაწყებული გვაქვს სხვადასხვა სამშენებლო კომპანიასთან მოლაპარაკებები ამ მიწებზე მშენებლობების დაწყების საკითხზე". – თქვა ზურაბ აზარაშვილმა. 

მინისტრმა კონკრეტულად სანატორიუმ ქართლში მცხოვრებ დევნილებზეც ისაუბრა და თქვა, რომ სამინისტრო მათი განსახლების მიზნით მიმდინარე მშენებლობებთან აქტიურად იწყებს მოლაპარაკებებს. 

მთავრობის სხდომაზე მინისტრის ამ განცხადებას წინ უძღოდა დევნილების პროტესტი და სანატორიუმ ქართლში მომხდარი თვითმკვლელობა. 

"რადგან ასეთი კრიტიკული მდგომარეობაა სასტუმრო ქართლთან დაკავშირებით, ჩვენ მოვიძიეთ მიმდინარე მშენებლობები, სადაც 200-მდე ბინაა და მათთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ არსებული ფასების ფარგლებში შემოვიდნენ გამოცხადებულ კონკურსში. მიმდინარე წელს ამ ბინებით ჩვენ მოსახლეობას დავაკმაყოფილებთ. 

დავადასტურებ, რომ დევნილთა სააგენტომ მოიძია ღირსეული საცხოვრებელი პირობები, სხვადასხვა ბინა, სადაც ჩვენ კრიტიკულ საცხოვრებელ პირობებში მცხოვრებ დევნილებს ვთავაზობთ ქირით გასვლას, მშენებლობების დასრულებამდე მათ იქ ცხოვრება შეეძლებათ". – თქვა ზურაბ აზარაშვილმა. 

სანატორიუმ ქართლში მცხოვრებ დევნილებზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც ისაუბრა და თქვა, რომ დევნილებს ორი გამოსავალი შესთავაზეს.

დევნილები სახელმწიფოს აღარ ენდობიან. 

16 იანვარს სანატორიუმ ქართლის შენობაში მცხოვრებმა კაცმა თავი მოიკლა. სხვა დევნილების თქმით, 53 წლის კაცმა თავი პროტესტის ნიშნად მოიკლა, რადგან წლებია, იქ მცხოვრები ადამიანები ავარიულ შენობას აპროტესტებენ.

ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მედიას მოუწოდებს, დევნილების დასახლებაში მომხდარი თვითმკვლელობის ფაქტი ზოგადად დევნილების პრობლემებს არ დაუკავშირონ. ზურაბ აზარაშვილის თქმით, პირველადი ინფორმაციით, ეს "უბედური შემთხვევა იყო". 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, რომ მომხდარზე პასუხსიმგებლობა დაეკისროს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ზურაბ აზარაშვილსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრს დავით ფაცაციას და მათ თანამდებობები უნდა დატოვონ. 

20 იანვარს ჯანდაცვის სამინისტორს მიერ გაგზავნილი წერილები სანატორიუმ ქართლის მაცხოვრებელმა პროტესტის ნიშნად დახიეს. მათი თქმით, სახელმწიფოს შეთავაზება  -  დევნილებს ერთი თვის ვადაში გადაიყვანენ ალტერნატიულ საცხოვრებელში და ქირით უზრუნველყოფენ, შემდეგ კი მოხდება მათი გადაყვანა იქ, სადაც ცხოვრებას სთავაზობენ, კვლავ ბუნდოვანია.

არასამთავროები ხელისუფლებას  მოუწოდებენ სწრაფი რეაგირებისკენ, დევნილების უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში განსახლების უზრუნველსაყოფად.

კომენტარები