აშშ-ირანის ომი

Axios: ცენტრალური სარდლობის მეთაურმა ტრამპს ჰორმუზის სრუტეში დაბომბვის შეჩერება ურჩია

ადმირალი ბრედ კუპერი  
 Saul Loeb/AFP via Getty Images

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) მეთაურმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ურჩია, ჰორმუზის სრუტის ზონაში ირანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშები შეეჩერებინა, რადგან, მისი შეფასებით, ოპერაციამ ეფექტიანობის ზღვარს მიაღწია. ინფორმაციას ამერიკული მედია Axios-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კუპერის რეკომენდაციამ და სხვა სამხედრო თუ სამოქალაქო მრჩევლების შეფასებებმა გავლენა იქონია ტრამპის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც პარასკევს, 24 ივლისს, აშშ-ს სამხედროებს ირანის სამხრეთ სანაპიროსა და ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე დარტყმების შეჩერება უბრძანა.

Axios-ის თანახმად, ეს იყო აღიარება, რომ სამხედრო ძალის, განსაკუთრებით კი საჰაერო კამპანიის შესაძლებლობებს აქვს ზღვარი, რომლის მიღმაც დასახული მიზნების შესრულება შეუძლებელია.

ტრამპმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობასა და მრჩევლებს შეხვდა. შეხვედრაზე პრეზიდენტს დღის ახალი ოპერატიული გეგმა წარუდგინეს.

წყაროების ინფორმაციით, შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე ტრამპი ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლებისკენ იხრებოდა, თუმცა მისი პოზიცია ხუთშაბათს საღამოს შეიცვალა და პარასკევს დაბომბვის შეჩერების გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო.

გამოცემის ცნობით, კვირის დასაწყისში ადმირალმა კუპერმა პენტაგონს, გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელობასა და თეთრ სახლს აცნობა, რომ ორკვირიანმა იერიშებმა მნიშვნელოვნად შეასუსტა ირანის შესაძლებლობა, გემებზე თავდასხმები განეხორციელებინა. მისი შეფასებით, დაგეგმილი სამიზნეების უმეტესობის სამხედრო პოტენციალი უკვე ამოწურული იყო.

ამასთან, კუპერმა აღნიშნა, რომ თუ აშშ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის განახლებას გადაწყვეტდა, შესაძლებელი იქნებოდა ოპერაცია ეპიკური ქარიშხლის ფარგლებში განსაზღვრული, თუმცა ჯერ კიდევ დაუბომბავი სამიზნეების დარჩენილი დაახლოებით 20%-ის განადგურება. სხვა შემთხვევაში, მისი თქმით, ბოლო ორი კვირის მსგავსი საჰაერო კამპანიის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა.

CENTCOM-ის წარმომადგენელმა, კაპიტანმა ტიმ ჰოკინსმა, ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

Axios-ის წყაროების ცნობით, გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარემ, გენერალმა დენ კეინმა, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი და პრეზიდენტი ტრამპი პირად საუბრებში გააფრთხილა, რომ საჰაერო თავდაცვის გადამჭერი რაკეტების დეფიციტმა შესაძლოა რეგიონში აშშ-ს ძალებისა და მისი მოკავშირეების დაცვის შესაძლებლობა შეამციროს.

ამავე დროს, ირანი და ომანი კვლავ განიხილავენ ახალ შეთანხმებას, რომელიც ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხო გადაადგილების აღდგენას ითვალისწინებს.

თუმცა, გამოცემის შეფასებით, უცნობია, დააკმაყოფილებს თუ არა ასეთი შეთანხმება ტრამპს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონფლიქტი შესაძლოა კვლავ გამწვავდეს.

ამ ეტაპზე, Axios-ის თანახმად, ვითარება "სიმშვიდე სიმშვიდის სანაცვლოდ" პრინციპით ვითარდება და ორივე მხარე შეტევებს დროებით აჩერებს.

აშშ-ს ელჩმა გაეროში, მაიკ უოლცმა, NBC-ის ეთერში განაცხადა, რომ ტრამპი "ყველა ვარიანტს განიხილავს", თუმცა ამავდროულად ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებებს "სივრცეს აძლევს". მისი თქმით, აშშ-სა და ირანს შორის კონტაქტები "ყველა დონეზე" გრძელდება.

ამასთან, აშშ და დიდი ბრიტანეთი განაგრძობენ საერთაშორისო კონფერენციის მომზადებას, რომლის მიზანიც ჰორმუზის სრუტეში ნაღმებისგან უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საზღვაო კოალიციის შექმნა იქნება. შეხვედრის საბოლოო თარიღი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.

კომენტარები