ავღანეთი

ავღანეთში, ჰერათში აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთში, ქალაქ ჰერათში მანქანის აფეთქებას, სულ მცირე, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 9 ადამიანი. აფეთქების გამომწვევი მიზეზი უცნობია. დაშავებულებიდან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მას შემდეგ რაც ავღანეთზე კონტროლი თალიბანმა დაამყარა, ქვეყანაში გახშირდა აფეთქებები და თავდასხმები. მათ ნაწილზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ოქტომბერში ავღანეთში სამ მეჩეთზე მოხდა თავდასხმა. ქაბულსა და კუნდუზში მომხდარ 2 აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო. 15 ოქტომბერს კანდაჰარში მეჩეთზე თავდასხმას 32 ადამიანი ემსხვერპლა და 45-მდე დაშავდა.

2021 წლის აგვისტოში აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

ვითარება გართულდა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ

კომენტარები