ავღანეთი

ავღანეთში შიიტურ მეჩეთში თვითმკვლელი ტერორისტების აფეთქებას, მინიმუმ, 32 კაცი ემსხვერპლა

თალიბი მებრძოლი კანდაჰარში პატრულირებს, 2021 წლის აგვისტო

ავღანეთში,  ქალაქ კანდაჰარში, შიიტურ მეჩეთში მომხდარ აფეთქებას, მინიმუმ, 32 ადამიანი ემსხვერპლა და 45-მდე დაშავდა. 

აფეთქება ბიბი ფატიმას მეჩეთში მოხდა, რომელიც ქალაქ კანდაჰარში ყველაზე დიდი შიიტური მეჩეთია. 

თალიბანის მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, შემთხვევას მათი თანამოძმეების სიცოცხლეც ემსხვერპლა. მან დაამატა, რომ თალიბანი შემთხვევას იძიებს. 

თვითმხილველების თქმით, მათ სამი აფეთქების ხმა გაიგეს. კიდევ ერთმა თვითმხილველმა Associated Press-თან თქვა, რომ მეჩეთს ოთხი თვითმკვლელი ტერორისტი დაესხა თავს. ორმა თავი შენობის გარეთ, დანარჩენებმა კი მეჩეთში შეიჭრის შემდეგ აიფეთქეს თავი. მისი თქმით, პარასკევის ლოცვებს 500-მდე ადამიანი ესწრებოდა. 

შემთხვევა წინა პარასკევის კუნდუზის შიიტურ მეჩეთში მომხდარი ტერაქტიდან ერთი კვირის თავზე მოხდა. გასულ კვირაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.  ამ შემთხვევას, მინიმუმ, 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავღანეთში, 15 ოქტომბრის შემთხვევა ბოლო რამდენიმე დღეში მეჩეთში მოწყობილი მესამე ტერაქტია. წინა კვირებში ქაბულსა და კუნდუზში მომხდარ 2 აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ISIS-K-მ აიღო.

26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში ISIS-K-ს მიერ მოწყობილ ტერაქტს 150-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

 

კომენტარები