NATO

ჯულიან სმიტი: NATO-ს კარი ღია რჩება, მისი დახურვის უფლება არავის არ აქვს

ჯულიან სმიტი

NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ჯულიან სმიტმა ორგანიზაციის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ "კარის დახურვის უფლება არავის არ აქვს".

"NATO-ს კარი ღია რჩება და არავის არ აქვს მისი დახურვის უფლება. ნებისმიერი გადაწყვეტილება  ალიანსის გაფართოების შესახებ ქვეყანასა და NATO-ს შორის იქნება მიღებული". - თქვა ჯულიან სმიტმა.

ჯულიან სმიტის თქმით, მართალია, მოკავშირეები გამოთქვამენ მზაობას რუსეთთან მოლაპარაკებისთვის, თუმცა თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას NATO-სგან პასუხი აუცილებლად მოჰყვება. 

"ყველა მოკავშირე მზად არის ჩაერთოს ხვალინდელ დიალოგში რუსეთთან, მაგრამ, ასევე - ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ თუ რუსეთი გადაწყვეტს უკრაინაში შეჭრას, ისინი მიიღებენ საპასუხო შედეგებს როგორც NATO-სგან, ისე ევროკავშირისგან". - ამბობს აშშ-ს ელჩი NATO-ში. 


10 იანვარს აშშ-სა და რუსეთს შორის ჟენევაში გამართული მოლაპარაკებები ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულდა. მხარეების პოზიციები უცვლელია უკრაინასთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. დაკავშირებით. ჟენევაში ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი. შეხვედრაზე რუსეთმა კვლავ გაიმეორა 17 დეკემბერს წაყენებული მოთხოვნები, რაზეც აშშ-ს მხარე ამბობს, რომ მიუღებელია. რიაბკოვის თქმით, რუსეთს სჭირდება გარანტიები, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ში არ შევლენ.

11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები