სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

ვოლსკი ინსპექტორზე: თუ პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს, უნდა შევიკრიბოთ და დავძლიოთ

გიორგი ვოლსკი

ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე პარტიის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, უნდა შეიკრიბონ და ვეტო დაძლიონ.

"გულუბრყვილო არავინ არ არის, რომ დაიჯეროს,  პარალელურად შემოტანა ამ კანონპროექტის იმას ემსახურება, რომ უკეთესი შედეგი მივიღოთ და შევქმნათ უკეთესი ახალი კანონი, რომელიც ამ სამსახურებს სრულიად ბუნებრივად გაყოფს და გააძლიერებს. ეს არის საკითხის გასაწელად. კანონპროექტის ჩაშლისთვის. 

თუ კი პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონპროექტს, ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და ვეტო უნდა დავძლიოთ", - ამბობს  გიორგი ვოლსკი


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა - რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებნლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ და ლონდა თოლორაიას სამსახურს "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის გამო და მას მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ. კანონპროექტზე ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა.  კანონპროექტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც და დაწერა, რომ დაჩქარებული განხილვა უნდა შეწყდეს. 

კომენტარები