სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

თოლორაია: მითითება არ ყოფილა, იყო არაპირდაპირი მესიჯი – შენი აზრი არავის აინტერესებს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ტელეკომპანია ფორმულას გადაცემაში პოლიტიკის ფორმულა აღნიშნავს, რომ მუშაობის პროცესში მის მიმართ პირდაპირი მითითებები არ ყოფილა, თუმცა იყო არაპირდაპირი გზავნილები.

"პირდაპირი მითითებები ჩემს მიმართ არ ყოფილა, თუმცა იყო არაპირდაპირი მესიჯები, რომ შენი აზრი არავის აინტერესებს, შენი ანგარიში არავის აინტერესებს, შენს მოსაზრებებს არავინ ითვალისწინებს. ის, რომ შეხვედრაზე, სადაც უნდა იყოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი, ის შეხვედრაზე მიწვეული არ არის, რა თქმა უნდა ეს ნიშნავს, რომ ესე იგი ამ პროცესებში შენი მონაწილეობა ვიღაცას არ სიამოვნებს." – თქვა თოლორაიამ.

სახელმწიფო ინსპექტორმა აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების კანონიერების შესწავლის დროს იუსტიციის სამინისტროც და პენიტენციური დაწესებულებაც ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობდა, ყველა საჭირო მასალას აწოდება და არ ყოფილა პროცესის შეფერხების ან მასზე გავლენის მოხდენის მცდელობა. თუმცა თოლორაია აღნიშნავს, რომ მოულოდნელი იყო სახელმწიფო ისნპექტორის გადაწყვეტილების გასაჩივრება და საჩივრის განხილვის სასამართლო პროცესის მოკლე ვადაში დანიშვნა, მაშინ როცა მსგავსი სასამართლოები ხშირად 2 წლის ვადაში ინიშნება.

სახელმწიფო ინსპექტორის მიერ 7 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის კადრების გავრცელების გამო ჯარიმა დაეკისრათ. იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება.

ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება, რატომღაც დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებნლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს.

არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის გამო და მას მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა.

კომენტარები