მიხეილ სააკაშვილი

ბრეგაძე: სააკაშვილის კადრების გასაჯაროებაზე ინსპექტორის გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, სამინისტრომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციისა და ვიდეოკადრების გასაჯაროების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

"ჩვენ არათუ ვგეგმავთ, არამედ გუშინ იუსტიციის სამინისტრომ უკვე გაასაჩივრა სახელმწიფო ინსპექტორის ადმინისტრაციული აქტი და ბუნებრივია, ეს უკვე სასამართლოს განსახილველი საკითხია. რა თქმა უნდა, ჩვენ იქ გვექნება ჩვენი პოზიცია, გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები, თუ რატომ გავასაჩივრეთ სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა". – თქვა ბრეგაძემ.

სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების საქმეზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ჯარიმა დაეკისრათ. ინსპექტორის განმარტებით, უწყებებს პასუხისმგებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის დაეკისრათ. 

20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

კომენტარები