სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

ბიუროზე სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების დაჩქარებულად განხილვას მხარი დაუჭირეს

სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებაზე ცვლილებების დაჩქარებულად განხილვას ბიუროზე უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი კი სამი ოპოზიციონერი დეპუტატი იყო.

ფრაქცია ლელოს დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, შეუძლებელია დაჩქარებულად საფუძვლიანად იყოს განხილული სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ მომზადებული კანონპროექტი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება.

ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება, რატომღაც დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებნლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს.

თოლორაია ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმების შესახებ დაინიცირებული კანონპროექტი ყველასთვის ცხადს ხდის, რომ ეს არ არის უბრალოდ რეფორმა, ესაა დამოუკიდებელი ინსტიტუსისა და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თოლორაიას განმარტებით, ესაა სამსახურის დასჯა დამოუკიდებლობისთვის.

არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის გამო და მას მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა.

კომენტარები