სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

ლომჯარია: ინსპექტორის სამსახურის დაჩქარებულად გაუქმება უკიდურესად შემაშფოთებელია

"საქართველოს სახალხო დამცველისთვის უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული კანონის პროექტი, რომლითაც დაჩქარებული წესით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური". - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებაზე ცვლილებების დაჩქარებულად განხილვას.

მისი თქმით, კანონპროექტი დისკრიმინაციულია და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობაში ჩარევას. მისივე განმარტებით, დამოუკიდებელი ორგანოს საქმიანობის შეწყვეტა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება, ასეთი ტიპის შემთხვევა კი ახლა არ არსებობს. 

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დამოუკიდებელი ორგანოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა მხოლოდ საგამონაკლისოდ შეიძლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევას მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს ადგილი, როცა მოქმედი ნორმები იმდენად ხარვეზიანია, რომ ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობის მიზანს და დანიშნულებას ეწინააღმდეგება და მათი შეცვლა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. ამ ტიპის შემთხვევასთან დღეს ნამდვილად არ გვაქვს საქმე. 

ბოლო ორი წლის განმავლობაში, სახალხო დამცველი მონიტორინგს უწევდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას და მიგვაჩნია, რომ იგი ეფექტურად და გამჭირვალედ ახორციელებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებას". - ამბობს ლომჯარია. 

სახალხო დამცველი მოუწოდებს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, მაქსიმალურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში. ომბუდსმენი ასევე მოუწოდებს პრეზიდენტს, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, გამოიყენოს მის ხელთ არსებული მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტისთვის მიმართვის შესაძლებლობა.

"საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს თავი შეიკავონ კანონის პროექტის მიღებისგან და ასევე ჩვენ, როგორც საპარლამენტო ზედამხედველობის ორგანო, მზად ვართ, პარლამენტს მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის შესახებ და ასევე იმ საჭიროების შესახებ, რაც მათ გააჩნიათ მათი საქმიანობის გასაძლიერებლად. პარალელურად, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ ხელთ არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში. 

გამომდინარე იქიდან, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს გაუქმების სრულიად უპრეცედენტო შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, კანონის მიღების შემთხვევაში, გამოიყენოს მის ხელთ არსებული მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტისთვის მიმართვის შესაძლებლობა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობა". - ამბობს ლომჯარია. 


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება.

ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება, რატომღაც დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებნლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს.

არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის გამო და მას მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა.

კომენტარები