სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

დეგნანი: ინსპექტორის სამსახურის გაუქმება შემაშფოთებელია, პროცესი ნაჩქარევად წარიმართა

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა სახელმწიფო ინსპექტორთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ უწყების გაუქმებასთან დაკავშირებით კანონპროექტის მიღება ნაჩქარევად და გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს. 

ელჩის განმარტებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა კანონის მიღებამდე პარლამენტს საქმიანობის გასაძლიერებლად რეკომენდაციები წარუდგინა, რაც არ იქნა გათვალისწინებული.

"შემაშფოთებელია, რომ უწყების გაყოფის შესახებ ახალი კანონპროექტის მიღების პროცესი წარიმართა ნაჩქარევად, კონსულტაციების გარეშე, მათ შორის - კონსულტაციები არ ყოფილა თავად სახელმწიფო ინსპექტორთან, რომ არაფერი ვთქვათ სხვა დაინტერესებულ პირებზე. კანონის მიღება გაუმჭირვალედ მიმდინარეობდა. 

სახელმწიფო ინსპექტორმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მისმა ოფისმა პარლამენტს რამდენიმე დღის წინ წარუდგინა საკანანომდებლო შეთავაზება, თუ როგორ უნდა გაეძლიერებინა უწყების ფუნქციონირება. პარლამენტის მიერ კანონის მიღებისას არც ერთი შეთავაზების გათვალისწინება არ მომხდარა, უბრალოდ სამსახური გაიყო ორ ნაწილად". - თქვა კელი დეგნანმა. 

ელჩი ასევე შეეხო ინსპექტორის სამსახურში დასაქმებულ პირთა შესაძლო გათავისუფლებას. მისი თქმით, პრობლემური და აუხსნელია რატომ დგას დასაქმებულ ადამიანთა გათავისუფლების საჭიროება.

"ისინი არიან ექსპერტები, რომლებიც წლებია საკუთარ საქმეს კეთლსინდისიერად ასრულებენ და პარლამენტის მხრიდან არ ყოფილა არანაირი კითხვის ნიშანი თუ საჩივარი მათ მიმართ. პარლამენტს აქვს უფლება, აკონტროლოს სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობა - მიუხედავად ამისა, როცა უწყებამ ყოველწლიური აქტი წარუდგინა პარლამენტს, მათ არ ჰქონიათ არც კითხვა და არც საჩივარი ინსპექტორის სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ამიტომ რთულია გავიგოთ, რატომ არის აუცილებელი მარტისთვის გათავისუფლდეს  ყველა თანამშრომელი. რატომ ვეღარ უნდა შეძლოს გამოცდილების მქონე, ნიჭიერმა ადამიანებმა მუშაობის გაგრძელება? პროცესი დაჩქარებულია, მაშინ როცა ამის საჭიროება არ დგას". - ამბობს დეგნანი. 


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება.

ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება, რატომღაც დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებნლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს.

თოლორაია ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმების შესახებ დაინიცირებული კანონპროექტი ყველასთვის ცხადს ხდის, რომ ეს არ არის უბრალოდ რეფორმა, ესაა დამოუკიდებელი ინსტიტუსისა და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თოლორაიას განმარტებით, ესაა სამსახურის დასჯა დამოუკიდებლობისთვის.

არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის გამო და მას მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა.

27 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებაზე ცვლილებების დაჩქარებულად განხილვას ბიუროზე უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი კი სამი ოპოზიციონერი დეპუტატი იყო.

კომენტარები