დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

REUTERS: გერმანიისა და რუსეთის მაღალჩინოსნები უკრაინის საკითხის განხილვისთვის შეხვდებიან

AFP/Getty Images

გერმანიის და რუსეთის მთავრობების მაღალჩინოსნები მომავალ თვეს ერთმანეთს უკრაინის საკითხის განხილვისთვის შეხვდებიან. ინფორმაციას ანონიმურ სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მრჩეველი საგარეო საკითხებში, იენს პლოტნერი და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, დმიტრი კოზაკი ხანგრძლივი სატალეფონო საუბრის შემდეგ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

ინფორმაციასთან დაკავშირებით მხარეებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის ფონზე გახშირდა კომუნიკაცია დასავლელ ლიდერებსა და რუსეთის მთავრობის წევრებს შორის. თანამდებობის დატოვებამდე გერმანიის ყოფილ კანცლერ ანგელა მერკელსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პუტინი ასევე ვიდეოშეხვედრის დროს ესაუბრა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. მანამდე ერთმანეთს პირადად შეხვდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დასავლეთი რუსეთს მძიმე შედეგებისა და მკაცრი სანქციების შესახებ აფრთხილებს.

კანცლერის პოსტის დაკავების შემდეგმა შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრასთან დაკავშირებით აუცილებელია დიალოგი. ის ასევე მხარს უჭერს, შემდგომი სამხედრო აგრესიის შემთხვევაში რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესდეს.

როგორც გამოცემა Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, ბერლინს ვაშინგტონზე მეტად ეპარება ეჭვი, რომ რუსეთი ნამდვილად გეგმავს უკრაინაში შეჭრას. სამთავრობო წყაროს მიხედვით, გერმანული მხარის მიზანი ნორმანდიის ფორმატის გააქტიურება, რომელშიც უკრაინა, რუსეთი, გერმანია და საფრანგეთი მონაწილეობენ.

გერმანიის კანცლერის პარტიის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ლიდერის როლფ მუტცენიხის თქმით, პარტია გულუბრყვილო არ არის და იცის ვისთან აქვს საქმე, თუმცა თვლის რომ ჩართულობას შეუძლია უკრაინის საკითხის დეესკალაცია.

უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. ვრცლად ბელარუსის როლზე რუსეთის ჰიბრიდულ ომში წაიკითხეთ აქ – ბელარუსი რუსეთის ჰიბრიდულ ომში – ვასალიტეტი XXI საუკუნეში.

პარალელურად დაძაბულია NATO-სა და რუსეთის ურთიერთობა. 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები