დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

MAXAR: თანამგზავრული ფოტოებით, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ძალების თავმოყრა გრძელდება

რუსეთის სამხედრო ტექნიკა კურცკის საწვრთნელ ზონაში, რუსეთი. 2021 წლის 21 დეკემბერი
Maxar Technologies/Handout via REUTERS

კოსმოსური ტექნოლოგიების ამერიკული კომპანიის Maxar Technologies-ი მიხედვით, რუსეთი უკრაინის საზღვრებთან ბოლო კვირებში სამხედრო ძალების თავმოყრას აგრძელებს. კომპანიამ თანამგზავრული ფოტოები გამოაქვეყნა.

ფოტოებზე ჩანს სამხედრო ბაზა ყირიმში, რომელსაც ანექსიის შემდეგ რუსეთი აკონტროლებს. სამხედრო ბაზაზე 13 დეკემბრისთვის ასობით დაჯავშნილი სატრანსპორტო საშუალება ჩანს, იმავე ადგილის ოქტომბერში გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ბაზა ნახევრად ცარიელია. 

Maxar Technologies ამბობს, რომ სასაზღვრო რეგიონში რუსეთის ძალებს ბრიგადის დონის ქვედანაყოფი შეუერთდა, რომელიც შედგება BMP-ს სერიის ქვეითთა საბრძოლო მანქანებისგან, ტანკებისგან, საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობისგან.

"ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მაღალი გარჩევითობის ჩვენი თანამგზავრული ფოტოებით იკვეთება, რომ ყირიმსა და დასავლეთ რუსეთში, უკრაინის საზღვრის პერიფერიებში რუსეთის სამხედრო ძალების ახალი თავმოყრა მიმდინარეობს" - ნათქვამია Maxar-ის განცხადებაში.

ტექნოლოგიური კომპანიის განმარტებით, გახშირდა რუსეთის აქტივობა ყირიმის სამ ლოკაციასა და დასავლეთ რუსეთის 5 ლოკაციაზე.

როგორც Reuters-ი წერს, Maxar-ის სურათებზე ჩანს, რომ რუსეთის ძალები თავმოყრილია უკრაინის საზღვართან ახლოს, ბელგოროდის ოლქში დასახლება სოლოტის სიახლოვეს. დეკემბერში გადაღებული ფოტოები სექტემბერთან შედარებით სამხედრო ტექნიკის რაოდენობის ზრდას აჩვენებს. სურათები ასევე მიუთითებს უკრაინის საზღვრიდან 260 კილომეტრში, ქალაქ იელნიასთან ახლოს და ქალაქ ვორონეჟში პოგონოვოს პოლიგონზე სამხედრო ტექნიკის მობილიზებაზე.

გამოცემა Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე რუსი დაქირავებული სამხედროები თავს იყრიან. დაძაბულობის ფონზე რუსეთი ანექსირებულ ყირიმსა და კრასნოდარის მხარეში 1200-ზე მეტი რუსი მედესანტის და 250-ზე მეტი სამხედრო ტექნიკის ერთეულის მონაწილეობით სამხედრო წვრთნებს გეგმავს.

სამხედრო მობილიზაციას კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი კვლავ რუსეთის უსაფრთხოების განმტკიცებით ხსნის.

"NATO-ში ჩვენი ოპონენტების უკიდურესად არამეგობრული მოქმედებების ფონზე რუსეთს საკუთარი ჯარები საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში გადაჰყავს. აშშ და სხვადასხვა ევროპული ქვეყნა ჩვენს საზღვრებთან ბევრ ცალსახა მანევრს ატარებს. ეს გვაიძულებს ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გარკვეული ზომები მივიღოთ." - თქვა პესკოვმა.

დასავლეთი რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე შედეგების და ეკონომიკური სანქციების შესახებ აფრთხილებს.

უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. ვრცლად ბელარუსის როლზე რუსეთის ჰიბრიდულ ომში წაიკითხეთ აქ – ბელარუსი რუსეთის ჰიბრიდულ ომში – ვასალიტეტი XXI საუკუნეში.

პარალელურად დაძაბულია NATO-სა და რუსეთის ურთიერთობა. 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებით ემუქრება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები