ხუთშაბათს, 2 დეკემბერს შვედეთში, სტოკჰოლმში ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი. მათ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს. ბლინკენმა ლავროვი ძვირი საზღაურის შესახებ გააფრთხილა, თუ რუსეთი უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებებს გამოიჩენს.
"ძალიან ცხადად გამოვხატე ჩვენი ღრმა შეშფოთება და მონდომება დავაკისროთ რუსეთს საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად მათთვის მძიმე საზღაურისა და შედეგების წაყენების ჩათვლით, თუ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს კიდევ მიმართავენ", – თქვა ბლინკენმა მედიასთან ლავროვთან შეხვედრის შემდეგ.
ბლინკენმა მოსკოვი ლავროვთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრეც გააფრთხილა "მძიმე შედეგების" შესახებ, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.
მინისტრები შეხვედრის შინაარს საკუთარი ქვეყნების პრეზიდენტებს გააცნობენ და როგორც ბლინკენმა თქვა, შესაძლოა, ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრაც გაიმართოს.
"ახლა რუსეთზეა დამოკიდებული ამჟამინდელი დაძაბულობის დეესკალაცია, ძალების ჩვეულ, მშვიდობიანი პერიოდის პოზიციებზე დაბრუნება და თავშეკავება უკრაინის დაშინებისა და დესტაბილიზაციისგან", – თქვა ენტონი ბლინკენმა.
ლავროვმა შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ რუსეთს არანაირი კონფლიქტი არ სურს.
უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, 90 000-მდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.
უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც.
ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.