NATO-რუსეთი

პუტინი: დასავლეთის აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში, სამხედრო-ტექნიკურ გზებს მივმართავთ

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ისაუბრა NATO-ს აღმოსავლეთში გაფართოებისა და ალიანსზე საპასუხო ქმედებების შესახებ. 

"ზოგჯერ ჩემს თავს ვეკითხები, ეს ყველაფერი იმ პირობებში რატომ გააკეთეს? – გაუგებარია. მგონია, რომ ეიფორიის გამო, ეგრეთ წოდებულ ცივ ომში გამარჯვების გამო, ან ცივ ომში ეგრეთ წოდებული გამარჯვების გამო. დროის იმ მონაკვეთში სიტუაციის არასწორი, მცდარი შეფასებისა და სიტუაციის განვითარების შესაძლებლობების გაუნათლებელი და არასწორი ანალიზის გამო. აი ამის გამო. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს", – ამბობს პუტინი NATO-ს აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოებასთან დაკავშირებით. 

პუტინის თქმით, მას აქვს იმედი, რომ დასავლეთთან მოლაპარაკებები კონსტრუქციული იქნება. ასევე, მან დაამატა, რომ "რუსეთს არ გაუხარდება, თუ დასავლეთი უსაფრთხოების მოლაპარაკებებზე იყბედებს". 

ასევე, მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მზადაა სამხედრო-ტექნიკური გზების მისამართად. 

"დასავლელი კოლეგების ცხადად აგრესიული ხაზის გაგრძელების შემთხვევაში, ჩვენ მივმართავთ ადეკვატურ სამხედრო-ტექნიკურ მეთოდებს, არამეგობრულ სვლებზე მკაცრი რეაგირება გვექნება", – ამბობს პუტინი. 


რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის ფონზე, 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

რუსეთის ამ მოთხოვნას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყება განცხადებას "მიუღებლად" მიიჩნევს.

კომენტარები