NATO-რუსეთი

ბაიდენი: თუ პუტინი თავს დაესხმება NATO-ს წევრს, აშშ ალიანსის ყოველ ინჩს დაიცავს

ჯო ბაიდენი ვილნიუსის სამიტზე
Andrew Caballero-Reynolds/AFP/Getty Images

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებულ სიტყვით გამოსვლის დროს აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი შეეხო ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვებსაც. რამდენიმე დღის წინ ტრამპმა გაიხსენა, ადმინისტრაციაში ყოფნის დროს NATO-ს წევრს როგორ უთხრა, რომ რუსეთს შეუძლია "რა ჯანდაბაც უნდა, ის უქნას" ალიანსის იმ მოკავშირეებს, რომლებიც თავდაცვის ბიუჯეტისთვის არასაკმარის თანხებს გამოყოფენ.

"ყველა ჩვენგანმა უნდა დაგმოს ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის საშიში განცხადება, რომელიც რუსეთს ეპატიჟებოდა, შეჭრილიყვნენ NATO-ს ქვეყნებში, თუ საკმარისად არ იხდიდნენ [თავდაცვის ბიუჯეტისთვის]. მან რუსეთი წაახალისა, რომ თუ მოკავშირე არ იხდის ვალდებულებას, ვციტირებ - "გაუკეთონ რა ჯანდაბაც უნდათ."" – თქვა ბაიდენმა. 

ამ სიტყვების შემდეგ ბაიდენი რამდენიმე წამით ჩაფიქრდა და აღნიშნა: "მგონი, გონება უნდა დავალაგო, რათა არ ვთქვა ის, რასაც მართლა ვფიქრობ".

ჯო ბაიდენის თქმით, პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი სიტყვების თქმა შემაშფოთებელია.

აშშ-ს პრეზიდენტმა დადო პირობა, რომ სანამ ის ადმინისტრაციაშია, აშშ NATO-ს წევრების მიმართ საკუთარ ვალდებულებებს შეასრულებს და თუ რუსეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყანას თავს დაესხმება, ამერიკა ბლოკის "ყოველ ინჩს დაიცავს". 

"სანამ მე პრეზიდენტი ვარ, ამერიკა NATO-ს მოკავშირეების მიმართ შეასრულებს ვალდებულებას, ისე, როგორც ისინი ასრულებდნენ ვალდებულებას ჩვენ მიმართ. პუტინმა და მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, თუ რომელიმე მეტოქე თავს დაგვესხმება, NATO-ს ყველა წევრი დაგვიჭერს მხარს, და თუ პუტინი თავს დაესხმება NATO-ს მოკავშირეს, აშშ დაიცავს NATO-ს ტერიტორიის ყოველ ინჩს. ახლა დროა NATO-ს მოკავშირეებს შორის კიდევ უფრო დიდი ერთობისთვის, რათა წინ აღუდგეს პუტინის რუსეთის მიერ შექმნილ საფრთხეს." – დადო პირობა ჯო ბაიდენმა.

ამას გარდა, ჯო ბაიდენმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატას მოუწოდა, რომ მიიღონ კანონპროექტი, რომელიც სენატმა უკვე დაამტკიცა და რომელიც უკრაინისთვის 60 მილიარდზე მეტი ოდენობის დახმარებას მოიცავს.

აქამდე, 10 თებერვალს დონალდ ტრამპმა საკუთარი კამპანიის ყრილობის დროს გაიხსენა შემთხვევა, როცა NATO-ს ერთ-ერთ წევრს უთხრა, რომ რუსეთს "წაახალისებდა" თავის ნებაზე მოპყრობოდნენ ალიანსის ქვეყნებს, რომლებიც "უპასუხისმგებლოები" არიან.

"არ ხარჯავ ფულს? უპასუხისმგებლო ხარ? არა, მე არ დაგიცავ. სინამდვილეში, მე წავახალისებ მათ, რომ გააკეთონ რა ჯანდაბაც უნდათ. შენ ფული უნდა დახარჯო". - გაიხსენა ტრამპმა საკუთარი სიტყვები.

კომენტარები