NATO-რუსეთი

პუტინი მაკრონზე: გვახსოვს მათი ბედი, ვინც ოდესღაც ჩვენს ტერიტორიაზე ჯარი გამოგზავნა

ვლადიმირ პუტინი თავდაცვის სამინისტროს ყრილობაზე
Артём Геодакян / ТАСС

რუსეთის ფედერალური კრების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სიტყვებს, უკრაინაში ევროპელი სამხედროების გაგზავნის განხილვასთან დაკავშირებით.

პუტინს თავად მაკრონი არ უხსენებია, თუმცა თქვა, თქვა, რომ ახსოვთ მათი ბედისწერა, ვინც წარსულში რუსეთის ტერიტორიაზე შევიდა და პოტენციურ თავდამსხმელებს "ბევრად უფრო ტრაგიკული" შედეგებით დაემუქრა.

"თავად არჩევენ სამიზნეებს ჩვენს ტერიტორიაზე იერიშების მოსატანად, ირჩევენ დამარცხების, როგორც თავად ფიქრობენ, უფრო ეფექტიან საშუალებებსაც, საუბარი დაიწყეს უკრაინაში NATO-ს კონტინგენტის შესაძლო გაგზავნაზე. გვახსოვს მათი ბედი, ვინც ოდესღაც საკუთარი კონტინგენტები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოგზავნა. თუმცა ახლა შესაძლო ინტერვენტებისთვის შედეგები ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება. უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენც გვაქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია მათ ტერიტორიაზე სამიზნეების განადგურება." – თქვა პუტინმა. 

ამას გარდა, პუტინმა სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალები "გარანტირებული გამოყენების სრულ მზადყოფნაშია". მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ არმიას უკვე გადაეცა სარმატის ტიპის მძიმე ბალისტიკური რაკეტები და მათ მალე გამოცდიან "ზონებში სადაც ისინი საბრძოლო მზადყოფნაშია".

ცნობა, რომ უკრაინაში სამხედროების გაგზავნა NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის განიხილებოდა, თავდაპირველად სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ გაავრცელა, რაც შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმაც დაადასტურა. მაკრონის თქმით, ამ შესაძლებლობა ძალიან თავისუფლად და პირდაპირ" განიხილავენ. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მწვავე დებატები გაიმართა და საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ მისულან.

კრემლში გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ თუ ევროპული ქვეყნები უკრაინაში სამხედროებს განალაგებენ, მაშინ NATO-სთან ომი გარდაუვალი გახდება.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ გეგმავს. ამავე შინაარსის კომენტარი გააკეთეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტშიც.

 

კომენტარები