2021 წელი

12 ყველაზე პოპულარული სტატია, რომელიც 2021 წელს ტაბულაზე წაიკითხეთ

2021 წელი მიიწურა და უკვე შეგვიძლია, იმ სტატიების 12-ეული შევადგინოთ, რომელსაც ამ წლის განმავლობაში ჩვენი მკითხველის ყველაზე დიდი ყურადღება ხვდა წილად.

წინა წლისგან განსხვავებით, ახლა ყველაზე პოპულარული ახალი ამბების უმრავლესობა კორონავირუსს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს ნამდვილად არ უკავშირდება. პირველ ადგილზე რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩის, მაიკლ მაკფოლის ირონიული გამოხმაურება მოხვდა, რომელიც აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებების პროექტის შესახებ კრემლის წამოყენებულ პირობებს ეხება - მაკფოლმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საპასუხო პირობების სია შესთავაზა.  

მეორე ადგილზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაა - WHO მდიდარ ქვეყნებს მოუწოდებდა, ბუსტერების გამოყენება დროებით შეეჩერებინათ. საგულისხმოა, რომ ომიკრონის შტამის აღმოჩენის შემდეგ, ეს განცხადება აქტუალური აღარ არის, რადგან კვლევების მიხედვით, ვირუსის ამ ვარიანტს ვაქცინის სამი დოზა სჭირდება.

მესამე ადგილი საყოფაცხოვრებო საკითხთან დაკავშირებულმა სიახლემ, მეოთხე კი, დუეინ ჯონსონის ჟესტმა დაიკავა.

ყველაზე პოპულარულ "ნიუსებს" შორის მეხუთე ადგილზე ის პრობლემა მოხვდა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს რვა თვის განმავლობაში აწუხებდა - ქართულ Covid-პასპორტს ევროკავშირში ვერ კითხულობდნენ. საბედნიეროდ, ეს უკვე მოგვარდა და 15 ნოემბრიდან, საქართველო ევროკავშირის სისტემას მიუერთდა.

მე-6 ადგილზე ფაიზერის აღმასრულებელ დირექტორთან ინტერვიუა - ის ისრაელის პრემიერმინისტრთან ურთიერთობას აღწერს. ისრაელი ერთერთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც მოსახლეობის დიდი ნაწილის ფაიზერის ვაქცინით აცრა მოახერხა.

მეშვიდე ადგილით ტაბულას მკითხველის ყურადღება სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის ციფრულმა ქონებამ მიიპყრო. მერვე ადგილზე კი Дождь-ის მთავარი რედაქტორის ბლოგია, რომელიც პოზნერის ვიზიტს აღწერს.

ტაბულას წლის ყველაზე პოპულარულ 12 სტატიას შორის მეცხრე ადგილი ლექსო ლაშქარავას საქმეზე შსს-ს გამოქვეყნებული კადრების გამო საზოგადოებრივი მაუწყებლის აწ უკვე ყოფილი წამყვანის, ირაკლი აბსანძის რეაქციამ დაიკავა. 

წლის კიდევ ერთი პოპულარული თემა რუსთაველის თეატრის მსახიობის ბესო ზანგურის საქმე გახდა. 

მე-11 ადგილი სტალინის შვილთაშვილის სურვილმა დაიკავა. ჩვენი მკითხველი იოსებ სტალინის გადმოსვენების საკითხმა დააინტერესა. 

სიის ბოლოში კი ანტივაქსერზე მომზადებული მასალა გავიდა, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა.

კომენტარები