ენერგეტიკა

27 ივლისიდან ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტებმა დენის საფასური ეპ ჯორჯიას უნდა გადაუხადონ 

27 ივლისიდან ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტებმა ელექტროენერგიის მოხმარების საფასური ეპ ჯორჯია მიწოდებას უნდა გადაუხადონ. 

27-დან ინტერნეტბანკებისა და გადახდის აპარატების საშუალებით ხელმისაწვდომი გახდება ეპ ჯორჯიას სერვისები და აბონენტები მომსახურების საფასურის გადახდას აბონენტის ნომრის შეცვლის გარეშე შეძლებენ. 

2021 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს მოსახლეობა დენის ქვითარს ახალი კომპანიებისგან იღებს. 

თბილისის მცხოვრებლები ქვითარს კომპანია თელმიკოსგან, ხოლო რეგიონების მცხოვრებლები კომპანია ეპ ჯორჯიასგან იღებენ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ენერგო-პრო ჯორჯია განცხადებას ავრცელებს: 
 

"მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ენერგო-პრო ჯორჯიას სამოქმედო არეალში ელექტროენერგიის მიმწოდებელი არის ეპ ჯორჯია მიწოდება. მომხმარებელი ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურებას იღებს აბონენტის ნომრის შეცვლის გარეშე.

თუ მომხმარებელს ენერგო-პრო ჯორჯიასთან საბოლოო ანგარიშსწორების შემდეგ ელექტროენერგიის დავალიანების ანგარიშზე უფიქსირდება წინსწრებით გადახდილი თანხა [კრედიტი], აღნიშნული თანხა გადატანილი იქნება ეპ ჯორჯია მიწოდების ანგარიშზე და მომხმარებელს წინსწრებით გადახდილად დაუფიქსირდება ეპ ჯორჯია მიწოდების ქვითარში.

გაურკვევლობების თავიდან აცილების მიზნით, ენერგო-პრო ჯორჯიას მიმართ 1 ივლისამდე მოხმარებული ელექტროენერგიის დარჩენილი დავალიანების და ეპ ჯორჯია მიწოდების მიმართ არსებული დავალიანებების დასაფარად გამოყენებული იქნება მხოლოდ ეპ ჯორჯია მიწოდების გადახდის არხები [სწრაფი გადახდის აპარატები, ინტერნეტბანკი, ბანკის ოფისები]. მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხებით დაიფარება როგორც ენერგო-პრო ჯორჯიას, ასევე ეპ ჯორჯია მიწოდების დავალიანება.

27 ივლისის 00:00 საათიდან სწრაფი გადახდის აპარატებზე და ინტერნეტბანკინგის სერვისებით ხელმისაწვდომი იქნება ეპ ჯორჯია მიწოდების გადახდის სერვისები და იგივე პერიოდიდან გაითიშება ენერგო-პრო ჯორჯიას სერვისები.

გათიშვის შემდეგ, სწრაფი გადახდის აპარატებზე ენერგო-პრო ჯორჯიას სერვისზე შესვლისას მომხმარებელი მიიღებს შეტყობინებას, რომ დავალიანება უნდა გადაიხადოს ეპ ჯორჯია მიწოდების სერვისით.

ეპ ჯორჯია მიწოდების სერვისით სარგებლობისას, მომხმარებელს გადასახდელ დავალიანებაში გამოუჩნდება თანხა, რომელიც იქნება ენერგო-პრო ჯორჯიას და ეპ ჯორჯია მიწოდების ჯამური დავალიანება. აღნიშნულის შესახებ მომხმარებელი ინფორმაციას მიიღებს გადახდის აპარატის სერვისით სარგებლობისას, საინფორმაციო ბანერის საშუალებით.

ენერგო-პრო ჯორჯიას მიმართ დავალიანების მქონე მომხმარებლები, 26 ივლისს მიიღებენ გამაფრთხილებელ სმს შეტყობინებას დავალიანების ოდენობის შესახებ და საინფორმაციოდ, იგივე სმს-ში მითითებული იქნება, რომ 27 ივლისიდან დავალიანება უნდა გადაიხადონ ეპ ჯორჯია მიწოდების გადახდის არხების საშუალებით.

ჯამური დავალიანება გამოუჩნდება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებსაც, თუმცა მათ შემთხვევაში ენერგო-პრო ჯორჯიას 2021 წლის ივნისის საბოლოო ქვითარს მიიღებენ 10-12 აგვისტოს". – წერია ენერგო-პროს განცხადებაში.


ცვლილება გამოწვეულია ქვეყნის ენერგეტიკაში მიმდინარე რეფორმით, რომლის მიხედვითაც, კანონით ერთმანეთისგან გაიმიჯნა ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების საქმიანობები. აქამდე დენის მიწოდებასაც და განაწილებასაც ერთი და იგივე იურიდიული პირი უზრუნველყოფდა, ახლა კი ეს საქმიანობა გაიმიჯნა. სწორედ ამიტომ თელასმა და ენერგო პრო ჯორჯიამ დააფუძნეს ახალი კომპანიები, რომლებიც უშუალოდ დენის მიწოდების საქმიანობას განახორციელებენ.

რეფორმამ ელექტროენერგიის ბაზარზე კონკურენცია უნდა წაახალისოს. რეფორმის მიხედვით, ახლად შექმნილ კომპანიებს უნივერსალური გამანაწილებლის სტატუსი მიენიჭებათ, რომლებიც ელექტროენერგიას ფიქსირებულ ფასად, დადგენილი ტარიფით მიაწოდებენ მომხმარებლებს.

"პირველი ივლისიდან ელექტროენერგიის მიწოდება აღარ იქნება 2 კომპანიის ხელში, როგორც ეს იყო აქამდე, საქმე ისაა, რომ ელექტროენერგიით ვაჭრობა, მიწოდება არ გახლავთ მონოპოლიური საქმიანობა, განსხვავებით ქსელური მომსახურებისგან, როგორიცაა ელექტროენერგიის გადაცემა-განაწილება, თუმცა, დღეის მდგომარეობით, მოგეხსენებათ, რომ ეს ორი საქმიანობა არის ერთ კომპანიაში მოქცეული და აუცილებელი გახდა იმ ვალდებულებისგან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, ვგულისხმობ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას და, ასევე, გავწევრიანდით ენერგეტიკულ თანამეგობრობასთან, აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავაცალკევოთ ეს კომპანიები. 

ელექტროენერგიით ვაჭრობისა და მიწოდებისთვის, იმის გარდა, რომ ეს კომპანიები არსებობენ, უნდა შეიქმნას ბაზარი, ბირჟა და უნდა გახდეს კონკურენტული. აქედან გამომდინარე, კონკურენციის წახალისების მიზნით, ერთი მხრივ, აუცილებელია, რომ იყოს გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი ბაზარი, მეორე მხრივ კი, აუცილებელია, რომ მოწყვლადი მომხმარებლები - ფიზიკური პირები და მცირე მეწარმეები იყვნენ დაცულები ბაზრის რყევებისგან. ამ მიზნით შეიქმნა ორი კომპანია, რომელსაც მიენიჭა უნივერსალური მიმწოდებლის სტატუსი და ისინი მიაწოდებენ ელექტროენერგიას ფიქსირებული ფასით, მათ ექნებათ კომისიის მიერ დადგენილი ტარიფი, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლებს ტარიფი არ გაეზრდებათ". – თქვა სემეკის კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა.

ფანგანის თქმით, ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბაზარზე ახალი კომპანიების გაჩენაა, რამეთუ ბაზარი იქნება ყველასთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი, პირველი იანვრიდან ამოქმედდება ელექტროენერგიის ბირჟა, ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმები და იქნება შესაძლებლობები, რომ ელექტროენერგიის ვაჭრობაში ჩაერთონ, როგორც ბიზნესაქტივობაში. ფიზიკურ პირებს კი ექნებათ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ მიმწოდებელი, თუმცა, თუ ამას არ გააკეთებენ, ავტომატურად გადავლენ უნივერსალური მიმწოდებლის კალათაში.

"რაც შეეხება სხვა მიმწოდებლებს, ნებისმიერ პირს, ვისაც ექნება სურვილი, რომ ჩაერთოს ელექტროენერგიით ვაჭრობის საქმიანობაში, კანონმდებლობა ამის საშუალებას აძლევს, არ არის რთული მექანიზმები, მათ შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ მიმწოდებლად და, თუ შეეძლებათ, რომ მომხმარებელი მოხიბლონ ფასით ან სხვა პირობებით, მათ ექნებათ უფლებამოსილება, რომ გაყიდონ ელექტროენერგია, ხოლო გამანაწილებელი კომპანიები ეპ ჯორჯია და თელმიკო, ვალდებულები არიან, რომ ნებისმიერ მიმწოდებელს მოემსახურონ ერთი და იმავე პირობებით და ფასით". – თქვა ფანგანმა.

 

კომენტარები