ალტ-ინფო

NGO-ები პარლამენტს: შეისწავლეთ ALT INFO-ს სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებები და ფინანსური კავშირები

არასამთავრობო ორგანიზაციები პუტინისტური პლატფორმის, ალტ-ინფოს მიერ პარტიის დაფუძნებას ეხმაურებაინ. ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კრემლის მიზანს საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნება და აქედან გამომდინარე, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების არ დაშვება წარმოადგენს. აღნიშნულის მისაღწევად კი რუსეთის ერთ-ერთი საშუალება საქართველოში ანტიდასავლური/პრორუსული ძალის გაძლიერება და საბოლოოდ ხელისუფლებაში მოსვლაა.

"ალტ-ინფოს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც გამოირჩევა ძალადობრივი ქმედებებით და ძალადობის წამახალისებელი სიძულვილისა და მუქარის ენით, წლების განმავლობაში საქართველოს მოკავშირეებისა და კონსტიტუციით აღიარებული დასავლური, ევრო-ატლანტიკური კურსის წინააღმდეგ პროპაგანდირებს და მათ საქართველოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევაში, საქართველოს მიმართ კოლონიალიზმში, ქართული ტრადიციებისა და ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს. ალტ-ინფო მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არ აქვს და საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის დასრულებასა და დასავლეთთან პარტნიორული ურთიერთობების შეწყვეტას ღიად მოითხოვს.

ამასთან, ალტ-ინფო საზოგადოებას მცდარ დილემას უყენებს და მოქალაქეებს არწმუნებს, რომ მათ არჩევანი უნდა გააკეთონ საქართველოს თურქეთის გავლენის სფეროდ გადაქცევასა/ისლამიზაციასა და რუსული გავლენის სივრცეში დაბრუნებას შორის. ალტ-ინფო მოცემულ ყალბ დილემაზე პასუხად რუსეთის გავლენის სივრცეში დაბრუნებას მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ საქართველოს გადარჩენა მხოლოდ რუსეთს შეუძლია". – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციები საგანგაშოდ მიიჩნევენ, რომ ალტ-ინფო ყალბი ილუზიის შექმნას ცდილობს და ამტკიცებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის საქართველო რუსულ უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სისტემებში უნდა შევიდეს. NGO-ების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მსგავსი პოზიციონირება საქართველოში აქამდე არსებული პრორუსული პარტიებისთვისაც კი უპრეცედენტოა. წარსულში პატრიოტთა ალიანსი და დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო ანტი-დასავლური და პრორუსული ინტერესების გასატარებლად ყალბი ნეიტრალიტეტისა და სამხედრო მიუმხრობლობის იდეებს იყენებდნენ.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პროკურატურასა და შესაბამის უწყებებს, რომ ძალადობის ორგანიზატორების მიმართ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდეს. გარდა ამისა, არასამთავრობოები თვლიან, რომ ანტიდასავლურ და პრორუსულ დეზინფორმასაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის კონტექსტში მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის როლი, მათ შორის ამ მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის კუთხით.

NGO-ები მოუწოდებენ საკანონმდებლო ორგანოს, რომ პარლამენტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიშის – "საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის გაძლიერება ქვეყანაში ანტიდასავლური დეზინფორმაციის და პროპაგანდის მიმართ" – რეკომენდაციების გათვალისწინებით, რუსული ჰიბრიდული საფრთხეების მასშტაბიდან გამომდინარე დაიწყოს მოკვლევა, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლოს ალტ-ინფოსა და მსგავსი პრორუსული დაჯგუფებების საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებსა და მათ ფინანსურ კავშირებს.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი, ფაქტი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი – IWPR საქართველო

8 დეკემბერს საჯარო რეესტრმა პუტინისტური მედიის დამფუძნებლების მიერ შექმნილი პარტია – კონსერვატიული მოძრაობა დაარეგისტრირა. პარტიის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძეა, გენერალური მდივანი კი გიორგი ქარდავა.

20 ნოემბერს, პუტინისტურმა, ძალადობრივმა დაჯგუფება ალტ-ინფომ, პოლიტიკური პარტია, კონსერვატიული მოძრაობა დააფუძნა. პარტია ლელოს ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა დაწერა, რომ  თუ იუსტიციის სამინისტრო პარტიას დაარეგისტრირებდა, ის და მისი კოლეგები სასამართლოსგან მოითხოვდნენ პარტიის გაუქმებას. 

ალტ-ინფო არის პლატფორმა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა 5-6 ივლისის ძალადობების წაქეზებასა და მათ გამართლებაში. ასევე, ალტ-ინფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ მახარაძე იყო ერთ-ერთი, ვინც პრაიდის კვირეულის პირველ დღეს, 2 ივლისს გამართულ კონტრაქციას ხელმძღვანელობდა. ამას გარდა, ის პარლამენტის წინ აღმართული "ჯვრის დაცვის" აქციაზე, 9 ივლისს გამოდიოდა ძალადობისკენ მოწოდებებით.

კომენტარები