მიხეილ სააკაშვილი

ომბუდსმენი: ამ დრომდე არ გამოვლენილა მიზეზი, რაც ეჭვს გააჩენდა კონსილიუმის მიმართ

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თანახმად, ამ დრომდე არ გამოვლენილა მიზეზი, რომელიც სახალხო დამცველის აპარატს მისცემდა მულტიფუნქციური კონსილიუმის "პრინციპულ, კომპეტენტურ და მაღალპროფესიულ" საქმიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველს.

"სახალხო დამცველის აპარატი დღემდე ყურადღებით აკვირდებოდა კონსილიუმის მუშაობას, მონიტორინგისას სრულად ეყრდნობა მათ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. N18 სამკურნალო დაწესებულების შემოწმებისას აფასებდა სწორედ კონსილიუმის დასკვნებში მოცემულ საჭიროებებთან დაწესებულების შესაბამისობის ხარისხს.

ამ დრომდე არ გამოვლენილა მიზეზი, რომელიც სახალხო დამცველის აპარატს მისცემდა მულტიფუნქციური კონსილიუმის პრინციპულ, კომპეტენტურ, მაღალპროფესიულ საქმიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველს.

ამრიგად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოქმედმა მულტიფუნქციურმა ჯგუფმა არათუ უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება, არამედ უფრო მრავალპროფილურად და ინტენსიურად განაგრძოს საქმიანობა. სამინისტრომ კი უნდა უზრუნველყოს, რომ კონსილიუმის რეგულარულ ვიზიტებსა და ეფექტიან საქმიანობას არ ექმნებოდეს ბიუროკრატიული დაბრკოლებები", - წერია განცხადებაში.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ უნდა შემუშავდეს კონსილიუმის საქმიანობის ერთგვარი პროტოკოლი, რომელიც განსაზღვრავს კონსილიუმის პაციენტთან ვიზიტების სიხშირეს, კონსილიუმის შეკრების ინიცირების საკითხებს, კონსილიუმის ზუსტ მანდატს, მათი დასკვნების სამართლებრივ სტატუსს და სხვა. აუცილებელია გადაიხედოს კონსილიუმის შემადგენლობა და შექმნილი საჭიროებების გათვალისწინებით, გაფართოვდეს ექიმ-სპეციალისტთა წრეც.

"სახალხო დამცველის აპარატი ვერ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვის კონტექსტში და ვერ განსაზღვრავს პაციენტის მკურნალობის ტაქტიკას. სახალხო დამცველი ასრულებს სახელმწიფოს მხრიდან უფლებების დაცვაზე მონიტორინგს და მომავალშიც მხოლოდ მანდატის ფარგლებში განაგრძობს საქმიანობას.

პატიმრის ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვა სრულფასოვნად უნდა განაგრძოს იუსტიციის სამინისტრომ/პენიტენციურმა სამსახურმა, მათ შორის, მათ მიერვე შექმნილი მულტიფუნქციური კონსილიუმის რეკომენდაციების მხედველობაში მიღებით.

ამასთან, სახალხო დამცველი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, მულტიფუნქციური კონსილიუმის მუშაობის პარალელურად, გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული საზედამხედველო უფლებამოსილება, მანდატის ფარგლებში მოიწვიოს დარგის სპეციალისტები/ექსპერტები შესაბამისი სამედიცინო კონსულტაციების მისაღებად, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საექსპერტო დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად", - წერია განცხადებაში.


ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 45-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს გაგრძელდება

 ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ პოლიტიკური შურისძიება. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კი დაჟინებით მოუწოდებს მთავრობას, მოექცეს ექსპრეზიდენტს სამართლაინად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

კომენტარები